ახალი ამბები

TI საქართველო : შუალედურმა არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა

27 აპრილი, 2013 •
TI საქართველო : შუალედურმა არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა

განცხადებით თანახმად, საარჩევნო უბნების გახსნიდან დახურვამდე ორგანიზაციამ მხოლოდ ერთი საჩივარი დაწერა:

 

“სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბლარის მე-20 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იმყოფებოდა არც ძირითად და არც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. მან ხელი სხვა პირის გრაფაში მოაწერა; ხოლო იმ პირს, ვის ნაცვლადაც ხელი უკვე მოწერილი იყო გრაფაში, მაინც მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა. რადგანაც გადასატანი ყუთით ხმა უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა, ვიდრე დასაშვები იყო, ყუთით მიცემული ხმები გაბათილდა. სხვა სახის სერიოზული გადაცდომები არ დაგვიფიქსირებია, თუმცა მცირე პროცედურული დარღვევების გამო ჩანაწერთა წიგნში ჩვენმა დამკვირვებლებმა რამდენიმე ათეული შენიშვნა შეიტანეს”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მცირე დარღვევების ნუსხაში  შემდეგ ფაქტებს ასახელებს:

 

სამტრედიაში, სოფელ დაბლა გომის 29-ე უბანზე კომისიის მდივანს რეგისტრატორის მაგიდაზე ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა ჰქონდა დადებული. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ მასალა დამალეს, ხოლო განმეორებითი შენიშვნის შემდეგ გადაყარეს.

 

ბაღდათში რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნის შევსების წესის დარღვევები. კერძოდ, ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე, სადაც მიეთითება უბნის გახსნისას მყოფი პირების მონაცემები, მითითებული იყო დღის განმავლობაში უბანზე შესული პირების მონაცემები, ნაცვლად მეორე გვერდისა. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ კომისიის წევრებმა შეცდომები გამოასწორეს.

 

ბაღდათში რამდენიმე უბანზე კენჭისყრის კაბინაში არ იყო მითითებული სანიმუშო ბიულეტენები. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ ეს ხარვეზი გამოსწორდა.

 

სამტრედიაში, 43-ე და მე-12 უბნებზე, პირები სამკერდე ნიშნის გარეშე იმყოფებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ ცესკოს წარმომადგენლები იყვნენ და სამკერდე ნიშანი ჯერ არ ჩამოსვლიათ. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნით, პირებმა დატოვეს უბანი.

 

სამტრედიაში, მე-3, მე-12 და მე-40 უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციას „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ ერთის ნაცვლად სამ-სამი დამკვირვებელი ჰყავდა. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ სამივე შემთხვევაში ორმა დამკვირვებელმა დატოვა უბანი.

 

სამტრედიაში, 50-ე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ ერთის ნაცვლად ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ ერთი წარმომადგენელი გავიდა უბნიდან.

 

ბაღდათში, მე-10 უბნის მიმდებარედ გამოკრული იყო სააგიტაციო მასალა, რომელიც ჩვენმა დამკვირვებლებმა ჩამოახსნევინეს.

 

“ტენდენციის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები იყო. ცესკოს განმარტებით, „საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის განსაზღვრისას ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ საერთო რაოდენობას აკლდება ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელთა გვარის გასწვრივ სიაში ფაქტობრივ მდგომარეობად მითითებულია, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე უცხოეთში, სამხედრო სამსახურშია, ან პატიმრობაში.“ ცესკოს ამ განცხადების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ აღნიშნულის სისწორე სამივე ოლქის უბნებზე. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სტატუსის მქონე ამომრჩეველთა გამოკლების შემთხვევაშიც, უბნებზე ბიულეტენები მაინც არასაკმარისად იყო, თუმცა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე ამ ფაქტს სერიოზული პრობლემა არ შეუქმნია”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

გარდა ამისა, TI აცხადებს, რომ ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ საარჩევნო სუბიექტების კოორდინატორები იმყოფებოდნენ, რომლებიც აღნუსხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს, თუმცა მათი მხრიდან ზეწოლის ან სხვაგვარი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა არ დაფიქსირებულა.

 

“ჩვენმა დამკვირვებლებმა დღეს სამივე ოლქში უბნების გარეთ აგიტაციის შემთხვევები დააფიქსირეს, მაგალითად, ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილში მჯდომი პიროვნებები რუპორის საშუალებით საარჩევნო სუბიექტის სოსო მანჯავიძის აგიტაციას ეწეოდნენ. აგიტაცია უშუალოდ უბანზე არ მიმდინარეობდა, თუმცა მეგაფონის საშუალებით ხმა არაერთ უბანზე აღწევდა. აღნიშნული კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანი ტენდენციაა და გათვალისწინებული უნდა იქნას საარჩევნო რეფორმის ფარგლებში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი