ახალი ამბები

შს მინისტრი გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე: დარდიც არ მაქვს

15 აგვისტო, 2017 • 3103
შს მინისტრი გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე: დარდიც არ მაქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ “დარდიც არ აქვს” გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.

“ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტად ზედმეტად ვთვლი, რომ კიდევ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭრო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ ექსერტიზები. ფე-ეს-ბე-ს აგენტები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად ერთად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის შავი პიარი, რომელიც ჩვენს შესასუსტებლად არის მიმართული”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

13 აგვისტოს youtube-ით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს უკრაინის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრს ეუბნება, რომ სააკაშვილი საქართველოს არ გადმოსცენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა”.

მთავარ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერის წარმომავლობაზე, სადაც თითქოს საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზე საუბრობენ, გამოძიება არ დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი