ახალი ამბები

გიგა ბოკერია: პრემიერი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს

27 აპრილი, 2013 • • 1050
გიგა ბოკერია: პრემიერი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს

გიგა ბოკერიამ მედიისთვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერი და მისი გუნდის ნაწილი, სახელმძღვანელოს მიჰყვება, “როგორ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები ოპონენტების დისკრედიტაციის ფონზე”:

 

“თავი ნომერი ერთი – დავაბრალოთ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ომის დაწყება. თავი ნომერი 2– დავაბრალოთ საქართველოს ტერორიზმის და “ბოევიკების” მფარველობა. შემდეგი თავები არის, ალბათ, ქიმიური იარაღის ან ბირთვული იარაღის შექმნაზე საქართველოს მხრიდან.”

 

გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერი შეცდომას უშვებს, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს:

 

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერს არ ესმის მთავარი რამ: ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით ზიანდება არა მისი ოპონენტი სააკაშვილის გუნდი, არამედ პირდაპირი საფრთხე ადგება საქართველოს.  ასეთი განცხადებების შემდეგ ნებისმიერ ჩვენს არაკეთილმოსურნეს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ბრალდებებს ისროდა, უძლიერდება პოზიციები. ხვალ და ზეგ ამ ახალი მთავრობის პირობებში იქმნება შესაძლებლობა თავდასხმის ჯერ პოტენციურის და შემდეგ – ღია აგრესიის. არ ვიცი, ეს რითი არის გამოწვეული. ეს არის სიძულვილი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, თუ ილუზია, რომ ასეთი ნაბიჯების შედეგად რუსეთის გულს მოვიგებთ და საქართველო რაღაც შედეგს მიიღებს. ეს არის გულუბრყვილობა. თუ გადავხედავთ ისტორიას პრეზიდენტ სააკაშვილამდე, სხვა ჩვენი ქვეყნების გამოცდილებას, ყველამ იცის, რომ ასეთ შეთამაშებას სიცრუეზე დაყრდნობით არსად არ მოუტანია კარგი შედეგი.”

 

გიგა ბოკერია პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სტრატეგიულ დოკუმენტებში ცვლილებების განხორციელების შესახებაც გამოეხმაურა:

 

“პრემიერმა ისაუბრა ცვლილებებზე ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. პრემიერს არაზუსტი ინფორმაცია აქვს. არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება არ მომხდარა. ასეთი დოკუმენტები არ იქმნება ერთი უწყების მიერ. ასეთი დოკუმენტები არის შექმნილი უწყებებს შორის კოორდინაციის შედეგად და ჯერჯერობით ახალი მთავრობის პირობებშიც ამ თვალსაზრისით ცვლილების შესახებ არაფერი ჩვენთვის ცნობილი არ არის.  თუ პრემიერი თვლის, რომ რუსეთის ჯარის ყოფნა არ წარმოადგენს საფრთხეს, უნდა წარმოადგინოს, რაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე არ არის. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არსად ცვლილება არ მომხდარა. ყველგან რუსული ოკუპაცია და აგრესია განიხილება მთავარ საფრთხედ. თუ ვინმეს სურს ამის შეცვლა, უნდა წარმოადგინოს არგუმენტები. ეს არის კოორდინირებული პროცესი და ჩემგან დამოუკიდებლად ვერ მოხდებოდა ასეთი ცვლილებები.” 

 

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან ერთად იმუშავა დოკუმენტზე, რომელშიც რუსეთის საფრთხისადმი ტონალობა შერბილებულია:

 

“როდესაც გამოაქვეყნა ეს თავდაცვის სამინისტრომ, ასეთი ჩანაწერი აღარ არსებობს, ესეთი მკვეთრი ჩანაწერი, თუ ნახეთ თავდაცვის სამინისტროს, მე და ალასანია ვათანხმებდით, ეს იყო რამდენიმე თვის წინ”, – განაცხადა ივანიშვილმა გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში შევიდა ცვლილება, ივანიშვილმა უპასუხა:

 

“უშიშროების საბჭო არ იკრიბება რატომღაც დღემდე, თავდაცვის სამინისტროს ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ, რომ იქ შერბილებულია ეს, თვითონ ჩვენი საგარეო კომიტეტის მიერ დამტკიცებული განცხადება ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან, იქაც ტონალობა არის ნორმალური და საერთოდ მარტო გამონათქვამებზე და რიტორიკაზე არაა, თუნდაც, ოლიმპიადაზე ჩვენი მხარდაჭერა, თუ გნებავთ ის, რომ ლაფანყურში რაც ხდებოდა და გამოძიება მიდის, მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, რომ სატრანზიტოდ იყო გამოყენებული საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული ბოვიკების თუ სხვა შემოსული ბოევიკებისთვის და ესეც ჩვენ მაქსიმალურად ჩავხურეთ და აღარ განმეორდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი