ახალი ამბები

ISFED: ბიულეტენის ნიმუშები ვიზუალურად აგიტაციად აღიქმება

27 აპრილი, 2013 • • 3864
ISFED: ბიულეტენის ნიმუშები ვიზუალურად აგიტაციად აღიქმება

ISFED– ის განცხადებით, ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელთა დაკავშირებითაც საარჩევნო ადმინისტრაციას წარედგინება შესაბამისი საჩივრები:

 

 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა, რომ  სამივე საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნებზე გაკრული ბიულეტენის ნიმუშზე, რომელიც შეიცავს კანდიდატების ჩამონათვალს, დატანილია ტექსტი „მაჟორიტარი კანდიდატები“. ცალკეული კანდიდატის საარჩევნო ნომერი მოქცეულია აღნიშნული წარწერის წრიულ მოხაზულობაში, რაც ვიზუალურად აღიქმება, როგორც აგიტაცია კონკრეტული მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ.


  

“შესაძლებელია, აღნიშნული გარემოება არ არის გამოწვეული მიზანმიმართული ქმედებებით, თუმცა კანდიდატებსა და დამკვირვებლებში იწვევს მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ მინიშნების ასოციაციას. მიგვაჩნია, რომ სანიმუშო მასალების დამზადებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსგავს ვიზუალურ დეტალებს არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით,”– ნათქვამია განცხადებაში. 

ამ საკითხზე კომენტარი ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმაც გააკეთა:

 

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაიმე სახის ხარვეზი ან დარღვევაა, ყველას აქვს უფლება რომ საჩივარი დაწეროს. ჩვენ, როგორც ცესკო, ასევე ყველა შესაბამისი კომისია განვიხილავთ ამ საჩივრებს იმის მიხედვით, თუ სად იქნება შეტანილი იგი”, – ამბობს ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში და დასძენს, რომ პირადად იგი “სამართლიანი არჩევნების” ამ განცხადებას ჯერ არ გასცნობია.

ასევე, „სამართლიანი  არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა   ფაქტი, როდესაც დამკვირვებლის სტატუსით უბანზე  თვითმმართველობის თანამდებობის პირი იმყოფებოდა. ამჯერად ბაღდათის #12 საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის არჩევანის“ სახელით კენჭისყრის პროცესს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეტრეველი აკვირდებოდა.

 

“აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც დამკვირვებლად არ შეიძლება დარეგისტრირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი. აღნიშნული ფაქტის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირა შენიშვნა და ინცინდენტის შესახებ ეცნობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

გარდა ამისა, ISFED– ის განცხადებით, სამტრედიის #21 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ სიაში არც ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული. „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის საფუძველზე გადასატანი საარჩევნო ყუთი გაბათილდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი