ახალი ამბები

დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესები გააქტიურდა, მიმდინარეობს ევაკუაცია

14 აგვისტო, 2017 • 3817
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესები გააქტიურდა, მიმდინარეობს ევაკუაცია

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, საავტომობილო მონაკვეთზე, ყველა სახის ავტომობილის და ადამიანების გადაადგილება აკრძალულია.

პროცესების გააქტიურების გამო საბაჟო გამშვები პუნქტმა “ყაზბეგმა” მუშაობა შეწყვიტა.

“ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

სამინისტროს ცნობით, სტიქიურ პროცესზე დაკვირვება გრძელდება, მასში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები.

ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. საავტომობილო გზაზე მოძრაობა სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად, რისკის შემცირების შემდეგ აღდგება, აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი