ახალი ამბები

საია: სამტრედიაში დეპუტატ ბობოხიძის ძმა დამკვირვებელია არასამთავრობოდან

27 აპრილი, 2013 •
საია: სამტრედიაში დეპუტატ ბობოხიძის ძმა დამკვირვებელია არასამთავრობოდან

საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა ფოფხაძის განცხადებით, სამტრედიის #38 უბანზე მათ არაუფლებამოსილი პირი დააფიქსირეს დამკვირვებლად. ანალოგიური ფაქტის შესახებ ცნობა რამდენიმე საათის წინ “სამართლიანმა არჩევნებმა” გაასაჯაროვა მხოლოდ ბაღდათის ოლქთან დაკავშირებით.

 

საია-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სამტრედიის #38 უბანზე ორგანიზაცია “ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ხონის საკრებულოს წევრი – ლევან ბობოხიძე, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრის – აკაკი ბობოხიძის ძმაა.

 

საია-ს იურისტი ლელა ტალიური აცხადებს, რომ სამტრედიის #16 უბანში დარღვევით შედგა საარჩევნო ყუთის სია და ამის გამო ამ სიაში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.

 

საიას წარმომადგენლები იუწყებიან, რომ საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პრობლემები სამტრედიის #15, #20, #34 საარჩევნო უბნებზე: კერძოდ, #34 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ მოაწერინეს ხელი საკონტროლო ფურცელზე, ხოლო #15 და #20 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის შევსებისას არ მიუთითებიათ საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში ჩაგდების ზუსტი დრო.

 

სამტრედიის #41 საარჩევნო უბანზე საუბნო -საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გაატანა საჭიროზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი.

 

საიას აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ნაძალადევის საარჩევნო უბნებში (#13, #59 და #60) დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიებში გადასატანი ყუთის წაღებაზე უარი განაცხადეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა, რამაც გამოიწვია ის, რომ გადასატანი ყუთის წაღება მოუწია მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული კომისიის წევრებს, რის შედეგადაც, ეკა ფოფხაძის განცხადებით, დაირღვა კანონის მოთხოვნა, რომ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის წევრები.

 

საიას წარმომადგენლების განცხადებით, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემა შეიქმნა ნაძალადევის ოლქში, სადაც ორმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა, ვინაიდან ისინი არ აღმოჩნდნენ ერთიან სიაში.

 

საიას წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე უბანზე ნაძალადევსა და ბაღდათში დაფიქსირდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი.

 

საიას განცხადებით, საარჩევნო პროცედურების ცოდნის არასათანადო დონე დაფიქსირდა ნაძალადევის #34 და #36 საარჩევნო უბნებზე.

ამ დროისთვის საიას დამკვირვებლის მიერ დაწერილია 6 საჩივარი და 4 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

საია: ირმა პავლიაშვილი, ეკა ფოფხაძე, ლელა ტალიური
საია: ირმა პავლიაშვილი, ეკა ფოფხაძე, ლელა ტალიური

მასალების გადაბეჭდვის წესი