ახალი ამბები

ქვის ცვენის გამო რაჭის სოფლებამდე მისასვლელად შეზღუდვებია დაწესებული

14 აგვისტო, 2017 • 2001
ქვის ცვენის გამო რაჭის სოფლებამდე მისასვლელად შეზღუდვებია დაწესებული

მთის ჩამოშლის გამო წესი–ურავის საავტომობილო გზა ჩაიხერგა, რის შედეგადაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი (ლიხეთი, ურავი და აბარი) დროებით გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ქვის ცვენა უკვე ერთი კვირაა გრძელდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

ამბროლაურის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, სოფიო ხიდურელის ცნობით, ამ ადგილზე მთელი კვირის განმავლობაში ცვიოდა ქვები, ხოლო გუშინ ისეთი ინტენსიური სახე მიიღო ამ პროცესმა, რომ ტექნიკა ვეღარ მუშაობდა.

“მთა ჩამოიშალა, მაგრამ ახლა უკვე მუშაობს ტექნიკა და იწმინდება გზა. დღეს, 12 საათისთვის, მანქანებიც გამოატარეს, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ჯერ კიდევ იყო გარკვეული საშიშროება. ახლაც შესაძლებელია გადაადგილება მთევალყურეობით. მთელი კვირა გრძელდებოდა ეს პროცესები, ხოლო გუშინ იყო სერიიზული – ისეთი ინტენსივობით მოდიოდა ქვები, რომ ვეღარ მუშაობდა ტექნიკა,” – განგვიცხადა სოფიო ხიდურელმა.

მისი ინფორმაციით, უკვე გახსნილია შემოვლითი გზაც, საიდანაც მთავარი გზის გაწმენდამდე ავტომობილით შესაძლებელია სოფელ ლიხეთში, ურავსა და აბარში მისვლა.

განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც. მათი ცნობით, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ყოველდღე საღამოს 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, რადგან პერიოდულად მეორდება აღნიშნულ მონაკვეთზე ქვის ცვენა. მათი განცხადებით, ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი