ახალი ამბები

შსს-ს პრესცენტრი: უკრაინის შს მინისტრთან მსგავსი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა

13 აგვისტო, 2017 • 2259
შსს-ს პრესცენტრი: უკრაინის შს მინისტრთან მსგავსი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, უკრაინისა და საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი გადმოცემასთან დაკავშირებით საერთოდ არ შემდგარა:

“მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ 2 ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”,- აცხადებენ შსს პრესცენტრში.

გუშინ youtube-ით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს უკრაინის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საუბრობენ. ჩანაწერი მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრს ეუბნება, რომ სააკაშვილი საქართველოს არ გადმოსცენ.

26 ივლისს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის იმ დროს აშშ-ში იმყოფებოდა და მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. შემდეგ ის პოლონეთში ჩავიდა. პოლონეთიდან კი ლიტვაში გადავიდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს მიერ უკრაინის პროკურატურაში 2 წლის წინ წარდგენილი მოთხოვნა კვლავ ძალაშია და თუ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, მათ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნებული სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით, “მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართაპოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა”, თუმცა პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშიევსკა ტვიტერისა და ფეისბუკის გვერდებზე ქართულ ენაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მათ არავითარი წერილი არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი