ახალი ამბები

მალგოჟატა გოშიევსკა: პოლონეთში სააკაშვილის ექსტრადირებაზე წერილი არ მიგვიღია

6 აგვისტო, 2017 • 3695
მალგოჟატა გოშიევსკა: პოლონეთში სააკაშვილის ექსტრადირებაზე წერილი არ მიგვიღია

პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშიევსკა ტვიტერისა და ფეისბუკის გვერდებზე ქართულ ენაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მათ არავითარი წერილი არ მიუღიათ.

იმავე შინაარსის კომენტარს აძლევს გოშიევსკა პოლონურ მედიასაც.

“გაცნობებთ, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, პოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მ.ს. ექსტრადიციის შესახებ. ბატონი პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პალონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში,”- წერს გოშიევსკა.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, პოლონეთში იმყოფება.

4 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურარურამ განაცხადა, რომ მათ სააკაშვილის საკითხზე უკვე მიმართეს პოლონეთს:

“მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა,” – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი