ახალი ამბები

94-ე უბნის სიახლოვეს არც ერთი პარტიის კოორდინატორი არ შეინიშნება

27 აპრილი, 2013 • • 958
94-ე უბნის სიახლოვეს არც ერთი  პარტიის კოორდინატორი არ შეინიშნება

ამ უბანზე სულ 431 (3 ამომრჩეველია სპეციალურ სიაში) ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელთა აბსულუტური უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია. არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების”, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობის”, პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”, ”პატრიოტთა ალიანსის” და დამოუკიდებელი კანდიდატის, ზვიად ჩიტიშვილის წარმომადგენლები. 


”ეს უბანი არის ძალიან მშვიდი იმიტომ, რომ აქ ცხოვრობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. კომისიამ დღეს დილიდან ბრწყინვალედ იმუშავა. კარგი წევრები ჰყავს ჩვენ კომისიას. რაც შეეხება პროცედურებს, ყველაფერი წესრიგშია. როგორც შესაბამისი კანონი მოითხოვს, ყველაფერი ისე მოხდა… უბნის გახსნა იქნება, საკონტროლო ფურცელი იქნება თუ სხვა, ყველაფერი წესრიგშია”, – ”ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს უბნის კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ქირია.


”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის, დავით ღაჭიაშვილის განცხადებით კი, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ჯერჯერობით საჩივრის დაწერის საფუძველი არ არსებობს.


უბანზე პირველი ამომრჩეველი 07:30 საათზე მივიდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათიდან იწყებოდა, მას 30 წუთი ლოდინი მოუწია.


თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილი დევნილთა აღნიშნული უბნის სიახლოვეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის კოორდინატორი ან სამართალდამცველი არ შეინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი