ახალი ამბებისაზოგადოება

ელისაშვილი, მაკრონის გზა და უპარტიო მერის პერსპექტივა

11 აგვისტო, 2017 • 7330
ელისაშვილი, მაკრონის გზა და უპარტიო მერის პერსპექტივა

თბილისის მერობის ერთადერი დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი ალეკო ელისაშვილია. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ელისაშვილის რეიტინგი 19%-ია, რაც ამ მოცემულობით მას, მეორე ადგილზე გასვლის შანსს აძლევს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პარტიის გარეშე გამარჯვებულ მერს და თავად როგორ წარმოუდგენია ელისაშვილს ქალაქის მართვა იმ ვითარებაში, როცა საკრებულოში საყრდენი არ ეყოლება?

არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც უფრო პოპულარული ხდებიან პოლიტიკოები, რომლებიც ანტი-ისტებლიშმენტური სულისკვეთებით გამოირჩევიან. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ანტი-ისტებლიშმენტურ პოლიტიკოსად მოიხსენიებს დასავლური მედია საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფრანსუა ოლანდის მმართველობის დროს ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, მანამდე კი, 4 წლის მანძილზე,  ბანკში “Rothschild & Cie” საინვესტიციო ბანკირის პოზიციაზე მუშაობდა. მაკრონი ასევე ფრანსუა ოლანდის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში. საქართველოშიც, “ფეისბუკით” წამოწყებულ დისკუსიაში ხშირად ადარებენ ალეკო ელისაშვილს იმავე საფრაგნეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტს.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამ შედარებას არ ეთანხმება, უფრო მეტი იგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ემანუელ მაკრონი ანტი-ისტებლიშმენტს წარმოადგენს პოლიტიკურ ველზე.

“უფრო ტრამპზე შეიძლება ითქვას, რომ ანტი-ისტებლიშმენტის კარტს თამაშობდა, ვიდრე მაკრონი. მაკრონს მხოლოდ იმ თვალსაზრისით შეიძლება შეადარო, რომ თავიდან ისიც არაპარტიული კანდიდატი იყო, მაგრამ, როგორც პრეზიდენტობაზე კენჭისყრა გადაწყვიტა, მან მაშინვე დაიწყო პარტიის შექმნაზე ზრუნვა. მაკრონს გააზრებული ჰქონდა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას უნდა ჰყოლოდა თავისი პარტია. პრეზიდენტი პარტიის გარეშე, ეს არის თავისთავად აბსურდი. მას არასდროს მოუწონებია თავი იმით, რომ პარტიაზე მაღლა დგას და პარტიასთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ, ის არსებულ პარტიებთან არ იყო დაკავშირებული”, – ამბობს გია ნოდია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ალეკო ელისაშვილის კანიდატურას მხარს ღიად უჭერს. ის ფაქტი, რომ ელისაშვილი უპარტიო და დამოუკიდებელი კანდიდატია, გიორგი მაისურაძისთვის პირიქით – კანდიდატის დადებითი მახასიათებელია. ფილოსოფოსი ამას ორი მიზეზით ხსნის:

“ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილი არის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ქალაქი და არ გამოხატავს, რომელიმე პარტიის ინტერესებს. ზოგადად, ვიტყოდი, რომ საქართელოში იმდენად ჩაიკეტა ეს პარტიული ქიშპი, დაპირისპირება, რომ საერთოდ პოლიტიკის საგანი გამქრალია და მიდის დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის და  იდეოლოგიის მქონე პარტიების მხრიდან გაურკვეველი ბრძოლა ძალაუფლებისათვის და რეალური საქმე, პოლიტიკა აბსოლუტურად დავიწყებული და გვერდზე გადადებულია”,- ამბობს მაისურაძე.

მისივე თქმით, არაპარტიული პოლიტიკური ფიგურის გამარჯვებით, ასევე, პრეცენდენტი შეიქმნება, რომ პოლიტიკის კეთება არაპარტიული ინტერესებიდან გამომდინარეც შეიძლება:

“კონკრეტულად ალეკო ელისაშვილზე ვიცით, რომ ერკვევა ქალაქში არსებულ პრობლემებში, წლების განმავლობაში გვაჩვენა, რომ მას არაფერი აინტერესებს, გარდა იმისა, რომ ქალაქი გაუმჯობესდეს. არსებულმა პარტიებმა უკვე დიდი ხანია დაგვიმტკიცეს, რომ ფაქტობრივად ანადგურებენ ქალაქს და მე არ მგონია, რომ რომელიმე პარტიულმა კანდიდატმა შეძლოს ამის შეჩერება”.

გიორგი მაისურაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მმართველი გუნდის კანდიდატზე კახა კალაძეზე, რომელიც მერობის კანდიდატობამდე, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა:

“კახა კალაძე  ეკონომიკური ლობის წარმომადგენელია ყველაზე ტექნოკრატიული უწყებიდან. მე რაც ვუყურე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ადამიანს ანბანის დონეზე არ ესმის პოლიტიკა და რა არის ქალაქი. ეს არის ბიზნესმენი, მან იცის ბიზნესი და ფულის კეთება და ჰგონია, რომ ეს ფულის კეთება აუცილებელია და საჭიროა ამ ქალაქისათვის. ტექნოკრატების ხელში აღმოჩენა  დამანგრეველი და გამანადგურებელია და მის უკან მდგომი ეკონმიკური და ბიზნეს ინტერესების მოსვლა ხელისუფლებაში”,- ამბობს მაისურაძე.

რა რეალობაში აღმოჩნდება ალეკო ელისაშვილი, თუ ის თბილისის მერი გახდება?

თბილისის მერი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას მარტო ვერ შეძლებს, მას მოკავშირეები სჭირდება თბილისის საკრებულოშიც. მაგალითად, თბილისის მერიის ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭიროა საკრებულოს თანხმობა. შესაძლებელია ისიც, რომ თბილისის მერი კიდვ უფრო დამოკიდებული გახდეს საკრებულოზე და მან საკუთარი მოადგილეების დანიშვნაც ვერ შეძლოს, მათი თანხმობის გარეშე. ასე წერია იმ კანონპროექტში, რომლის ავტორიც ხელისუფლებაა.

საკითხი, შეძლებს თუ არა ალეკო ელისაშვილი ქალაქის რეალურ მართვას, პრობლემურად ეჩვენება როგორც ელისაშვილის მომხრეებს, ისე მათ, ვინც ვინც უპარტიო კანდიდატურას სკეპტიციზმით უყურებს:

“პრობლემაა ისაა, რომ კი, შეიძლება გაიმარჯვო, მაგრამ შემდეგ რას იზამ, ესაა მთავარი.  ის ვერაფერს გააკეთებს, თუ საკრებულომ ბიუჯეტი არ დაუმტკიცა და საკრებულოსთან რაღაც კავშირი არ ექნა. საკრებულოში ვინც იქნება წამყვანი პარტია, იმას რაღაცაზე უნდა შეუთანხმდეს, რაღაც კომპრომისზე უნდა წავიდეს, სხვაგვარად უბრალოდ ვერაფერს ვერ გააკეთებს”,- ამბობს გია ნოდია.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძეც მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა იქნება სწორედ ყველაზე რთული საკითხი, რასთან ჭიდილიც ალეკო ელისაშვილს მოუწევს:

“მეც ხშირად მიფიქრია, როგორ იქნება შესაძლებელი ამ ყველაფრის რეალიზება. თბილისის საკრებულო გამოირჩევა პარტიული პოლიტიკის სრული მორჩილებით, წავა ალბათ ძალიან დიდი ბლოკადების პერიოდი, მას ყველაფერს დაუბლოკავენ. მეორეს მხრივ, იქნებ ეს ჯობდეს იმას, ვიდრე ერთპარტიულმა მმართველობამ მიწასთან გაასწოროს ეს ქალაქი, რა პროცესიც დაწყებულია. დღითიდღე უფრო უგუნური ხდება მმართველი კლანების პარპაში თბილისში. ალეკო ელისაშვილის მერობამ იქნებ  ის მაინც შეძლოს, რომ ის მექანიზმები, რაც თბილისის მერს ექნება – არ გაცეს განკარგულებები ისტორიული ძეგლების დემონტაჟის შესახებ, აბსოლუტურად სოციოპათიური მშენებლობების შესახებ, რაც გამანადგურებელია იმ ფენების, რომლებსაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობები. იქნებ მისი მერობის თუნდაც ყველაზე პოზიტიური ასპექტი იყოს ის, რომ შეაფერხოს ეს დამანგრეველი და გამანადგურებელი პროცესი, რომელიც სრული აღვირახსნილობით მიმდინარეობს ამ ქალაქში”,- ამბობს მაისურაძე.

როგორ აპირებს ქალაქის მართვას თავად ელისაშვილი?

როგორ აპირებს ალეკო ელისაშვილი ქალაქის მართვას გამარჯვების შემთხვევაში, ამის შესახებ თავად მერობის კანდიდატსაც ვკითხეთ. იგი ამბობს, რომ საკრებულოში მუშაობის 3 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება დაეხმარება საკრებულოსთან საკითხების გატანაში. ასევე მიანიშნებს იმაზეც, რომ მომავალი საკრებულო ერთპარტიული არ იქნება:

“ქალაქის სასარგებლო საკითხები რომ გამოჰქონდა მერიას, მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, “ნაციონალური მოძრაობის” და ნებისმიერი ოპოზიციური და კრიტიკულად განწყობილი დეპუტატი, ერთხმად ვიღებდით ხოლმე ამ გადაწყეტილებებს და ერთხმად ვუჭერდით მხარს. პრობლემა ის იყო, რომ საკრებულოში მერიას, ძირითადად, რაღაც კორუფციული სქემები გამოჰქონდა, ამაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება, თორემ ქალაქის სასარგებლო რაც გამოსულა, ერთხმად ვუჭერდით მხარს და “ოცნებაზე” მეტად მე ვაქებდი ხოლმე. მე თუ მილიონიანი მოსახლეობა ამირჩევს, ვინ გაბედავს, რომ მით უმეტეს ქალაქის სასრგებლო იდეა და კანონპროექტი ჩააგდოს”,- ამბობს ელისაშვილი.

შეკითხვაზე – რომ გაბედონ, იგი ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს:

“ვერ გაბედავენ იმიტომ, რომ შეიცვლება ის საკრებულოც, ჩვენ კანონში ვადამდელი არჩევნებიცაა გათვალისწინებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმე ქალაქის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წავა, არავის უკუნისამდე ის ადგილი არ ექნება იმ საკრებულოში და ვადამდელი არჩევნებიც შეილება სულ სხვა შედეგით ჩატარდეს. ხელისუფლება რომ დამარცხდება თბილისში, მე მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გაიაზროს, ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი. “ქართულ ოცნებას” ახლა სჭირდება შემოლაწუნება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არხეინად არიან. ამ ქვეყანას სჭირდება ბალანსის წარმოქმნა და თბილისი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ბალანსი შეიძლება წარმიქმნას”,- გვეუბნება ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი