ახალი ამბები

დავა ‘მარიამის პერანგის’ გამო ორ ეპარქიას შორის

10 აგვისტო, 2017 • 4098
დავა ‘მარიამის პერანგის’ გამო ორ ეპარქიას შორის

ზუგდიდის დადიანების სასახლის მუზეუმში დაცული “მარიამის პერანგის” (ღვთისმშობლის კვართის) ხობის ეპარქიაში ერთი დღით გადატანას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და მრევლის ნაწილი ეწინააღმდეგებიან – მათ აქციაც გამართეს, კულტურის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ეს საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.

Livepress-ის ცნობით, საპატრიარქოს სიძველეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის უფროსმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა, რომ ამ საკითხს პატრიარქი ილია მეორე და სინოდი გადაწყვეტს. “ნეტგაზეთს” საპატრიარქოდან განუცხადეს, რომ ჯერ არაა ცნობილი, როდის განიხილავს ამ საკითხს ეკლესიის სინოდი.

ეპისკოპოსმა ვახტანგმა ზუგდიდში მიტროპოლიტ გერასიმესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხობის ეპარქიის დედათა მონასტერში მარიამის პერანგის გადატანის თხოვნით საპატრიარქოში შევიდა წერილი. დამატებითი განმარტება, თუ ვინ გააგზავნა ეს წერილი, ეპისკოპოსს აღარ გაუკეთებია.

გუშინ, 9 აგვისტოს ზუგდიდში მიტროპოლიტ გერასიმეს რეზიდენციასთან მრევლის ნაწილი შეიკრიბა და ითხოვდა, რომ “მარიამის პერანგი” ზუგდიდში დარჩენილიყო. აქციაზე მისული იყვნენ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც, მათ შორის ზუგდიდის მერი, რომელმაც საკუთარ თავს “ღვთისმშობლის ქალაქის მერი” უწოდა.

ნეტგაზეთი ცდილობდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს დაკავშირებოდა, თუმცა ვერ დავუკავშირდით. “ნეტგაზეთი” ხობის გამგებელს გოჩა ქაჯაიას დაუკავშირდა კითხვით, მართალი იყო თუ არა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხობის მცხოვრებლების ნაწილმა საპატრიარქოს მიმართა პერანგის ეპარქიაში გადატანის მოთხოვნით.

მარიამის პერანგი. ვლაქენობის დღესასწაული. 20215 წლის 15 ივლისი. ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

გოჩა ქაჯაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საუკუნეების განმავლობაში “მარიამის პერანგი” ხობის დედათა მონასტერში ინახებოდა და ხობელებისთვის დიდი მადლი იქნება, თუ ერთი დღით ხობის მონასტერში დაასვენებენ მათთვის წმინდა რელიკვიას.

ხობის გამგებელმა აღნიშნა ისიც, რომ შექმნილი სურათი, თითქოს ხობელებს რაღაც მოძრაობა აქვთ დაწყებული და დაპირისპირებული არიან ზუგდიდის მცხოვრებლებთან, სიმართლეს არ შეესაბამება.

მარიამის პერანგი

“რამდენიმე საუკუნე ხობში იყო კვართი და ერთი დღით რომ გადმობრძანებულიყო, ყველას ინტერესში შედის, მაგრამ როგორც ასეთი, რაღაც მოძრაობა, რაღაც ხობელები გამოდიან [არ არის სიმართლე]. ხობელებმა იციან, რომ ეს არის საპატრიარქოს გადასაწყვეტი და დაემორჩილებიან იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრიარქო”, – განგვიცხადა გოჩა ქაჯაიამ.

“მარიამის პერანგის” ზუგდიდში დარჩენის მომხრეა დადიანების მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია, თუმცა იგიც საპატრიარქოს გადაწყვეტილებას დაელოდება და ამბობს, რომ როგორც საქართველოს მთავრობა და პატრიარქი ილია მეორე გადაწყვეტს, ისე მოიქცევა.

“ლევან მეორე დადიანის დროს როცა ინახებოდა ხობის მონასტერში, წელიწადში ერთხელ ხდებოდა ამ სიწმინდესთან მიახლება. პატივს მიაგებდა ხალხი, ემზადებოდა მთელი წლის განმავლობაში და არა ისე, რომ ყოველ დღე [ნახულობენ]”, – განაცხადა ლილი ბერაიამ.

თუმცა, კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა საპატრიარქოს კომპეტენციაში შედის და ამის შესახებ მას სამინისტრომ უკვე წერილობით შეატყობინა. დამატებითი კომენტარი კულტურის სამინისტრომ ჩვენთან არ გააკეთა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის გიორგი გოცირიძის განმარტებით, ამ საკითხს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მერვე მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა გამონაკლისია წმიდა ნაწილები და წმიდა რელიკვიები.

მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განმარტებით, “მარიამის პერანგი” დადიანების სასახლის განსაკუთრებული ექსპონატია და ამიტომ იგი საგანძურში არის შეტანილი.

ლილი ბერაიას თქმით, რელიკვია, რომელსაც მრევლი “ღვთისმშობლის კვართის” სახელით იცნობს მუზეუმში 1930-იანი წლებიდან ინახება. იგი ხობის დედათა მონასტრიდან გადაიტანეს.

ბერაია ამბობს, რომ “მარიამის პერანგის” შესახებ ცნობები მე-17 საუკუნის ისტორიულ წყაროებში მოიპოვება, თუმცა არავინ იცის დაზუსტებით, როგორ მოხვდა ის საქართველოში.

მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ რამდენიმე ვერსიას შორის ყველაზე სარწმუნო ორია: ერთი რომ პერანგი შემოიტანეს მერვე საუკუნეში ბიზანტიიდან, ან მეთხუთმეტე საუკუნეში, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი