ახალი ამბებისაზოგადოება

წყალმომარაგების კომპანია შესაძლოა დაჯარიმდეს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის

10 აგვისტო, 2017 • 3852
წყალმომარაგების კომპანია შესაძლოა დაჯარიმდეს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აბონენტების პირადი ნომრები საჯაროდ გაავრცელა მარეგულირებელი ორგანოსა და აბონენტების ნებართვის გარეშე, რაც მათი განცხადებით, უნებლიე შეცდომაა. ეროვნულმა მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კი მომხდარზე აბონენტებისაგან საჩივრის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა კომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისროს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაახლოებით ერთი თვის წინ ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში დამონტაჟებულ მრიცხველებზე აბონენტების პერსონალური ინფორმაციის შემცველი სტიკერები დააკრა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ილია ნაცვალაძე ამბობს, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ. ნაცვლაძემ მას შემდეგ რაც საკუთარი პირადი ნომერი ამოიცნო სტიკერზე, მიმართა როგორც კომპანიას, ასევე ინსპექტორის აპარატსა და სემეკს.

ილია ნაცვალაძემ ასევე გაუგზავნა ინფორმაცია და მრიცხველებზე დატანილი ინფორმაციის ამსახველი ფოტოები თავად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა მისთვის მიწერილ წელში კომპანიაში თავდაპირველად აცხადებენ, რომ სტიკერებზე აბონენტების პირადი მონაცემები დატანილი არ არის.

მოგვიანებით, ნეტგაზეთთან საუბარში კომპანიაში განმარტეს, რომ სტიკერების მხოლოდ ისეთი მრიცხველებისათვის იყო განკუთვნილი, რომლებიც აბონენტის  კუთვნილ ფართში იყო განთავსებული, თუმცა მოხდა შეცდომა, რომელსაც გამოასწორებენ:

“კომპანიას განსაზღვრული ჰქონდა ე.წ. სტიკერების დაკვრა ისეთ მრიცხველებზე, რომლებიც განთავსებულია აბონენტის ფართში, ან სხვა გარეშე პირთაგან დაფარულ ადგილას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა შეცდომა, რისთვისაც კომპანია ბოდიშს იხდის და დაუყონებლივ აღმოფხვრის ზემოაღნიშნულ ფაქტს.”

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემა მასშტაბური არ ყოფილა და დაუყონებლივ მოაშორებენ მრიცხველების სტიკერებს.

წყალმომარაგების კომპანიის მრიცხველზე დატანილი პერსონალური ინფორმაცია ფოტო: ილია ნაცვლაძე

წყალმომარაგების კომპანიის მრიცხველზე დატანილი პერსონალური ინფორმაცია ფოტო: ილია ნაცვლაძე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, რომ თუ არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელსაც შეუძლია, რომ კომპანია დაეყრდნოს, მაშინ სტიკერებზე ინფორმაციის დატანა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. სახელი და გვარი, ისევე, როგორც პირადი ნომერი მოქალაქის პერსონალური მონაცემებია. აპარატში აცხადებენ, რომ მათი დამუშავებისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჯაროებისთვის, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი. ერთ-ერთი ასეთი საფუძველი შეიძლება გახდეს თავად მონაცემთა სუბიექტის, ანუ აბონენტის თანხმობა, რაც ნაცვალაძის თქმით, კომპანიას არ მიუღია.

სემეკში კი აცხადებენ, რომ კომისიის არც ერთ დადგენილებებში არ არის მსგავსი შინაარსის მუხლი ან ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანიას შეუძლია პირის პირადი, საიდენტიფიკაციო ან პასპორტის ნომრის ასეთი ფორმით მითითება. კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ სააბონენტო ნომერი, რომელიც თორმეტნიშნა არ არის. კომისია აბონენტებისგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება, რათა როგორც მარეგულირებელმა ორგანომ საქმის მოკვლევა დაიწყოს.

“თუკი ორგანიზაციამ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, ეს კანონდარღვევას წარმოადგენს და წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ასევე ინსპექტორის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას შესაძლებელია დაევალოს ინფორმაციის გასაჯაროების შეწყვეტა,” – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

თუმცა აღნიშნავენ, რომ დარღვევის დასადგენად დამატებითი შესწავლაა საჭირო და საქმის წარმოების დასაწყებად ინსპექტორის აპარატს ოფიციალურად უნდა მიმართონ.

წყალმომარაგების კომპანიის მრიცხველზე დატანილი პერსონალური ინფორმაცია ფოტო: ილია ნაცვლაძე

წყალმომარაგების კომპანიის მრიცხველზე დატანილი პერსონალური ინფორმაცია ფოტო: ილია ნაცვლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი