ახალი ამბები

კალაძე: დავითაშვილის კოლიციიდან გარიცხვის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს

26 აპრილი, 2013 • 1132
კალაძე: დავითაშვილის კოლიციიდან გარიცხვის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს

“შესაძლოა პოლიტსაბჭომ განიხილოს კობა დავითაშვილის კოალიციიდან გარიცხვის საკითხი, მე არ მაქვს არანაირი გააწყვეტილების მიღების უფლება, კოალიცია და პოლიტსაბჭო იმსჯელებს ამ თემაზე. კობა დავითაშვილის მხრიდან ეს იყო საკმაოდ მძიმე ბრალდება, როცა ადანაშაულებ კორუფციაში, უნდა გქონდეს დამამტკიცებელი საბუთები, შეიძლებოდა გუნდში მომხდარიყო ამ ყველაფრის განხილვა და მერე გამხდარიყო საზოგადოებისათვის ცნობილი. პირადად ჩემთვის მიუღებელია ისეთი ბრალდებების წაყენება, როგორიცაა კორუფცია და ბიზნესის მფარველობა”, – აცხადებს კახა კალაძე.

 

კახა კალაძე
კახა კალაძე

დავითაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს მყისიერად გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც დეპუტატისგან მოითხოვა მტკიცებულებების წარმოადგენა ან ბოდიშის მოხდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ დაურეკა დავითაშვილს და “საკმაოდ ეჩხუბა”:

 

“მე მას ავუხსენი, რომ თუ მას გუნდში დარჩენა სურს, რაღაც ანგარიში უნდა გაუწიოს მას. პირველი ინფორმაცია მაინც გუნდში გააჟღეროს და არა გარეთ. ელემენტარული წესები არსებობს ყველაფერში. სერგეენკო არის უპატიოსნესი კაცი. ეს თემა ხელოვნურად არის მოგონილი და არავითარ კორუფციასთან არ აქვს შეხება. ის აბსოლუტურად წესიერი კაცია,”- განაცხადა პრემიერმა.

 

კობა დავითაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ შეიკრიბება პოლიტსაბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას კოალიციიდან მისი შესაძლო გარიცხვის საკითხზე:

 

“მე არანაირი გუნდურობის დარღვევა არ დამიშვია, მე ვერ მივიღებ ამ საყვედურს”, – განაცხადა დავითაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი