ახალი ამბები

თვითმმართველობების მოხელეთა დევნა

22 აპრილი, 2013 • • 1002
თვითმმართველობების მოხელეთა დევნა

ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა 50–მა გამგებელმა (მათგან 48–მ პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორმა- საკრებულოს გადაწყვეტილებით) და 25–მა საკრებულოს თავმჯდომარემ (მათ შორის 21–მა საკუთარი, ხოლო ოთხმა საკრებულოს გადაწყვეტილებით).


ახალი გამგებლის შესარჩევად კონკურსი მხოლოდ 15 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა, უმეტეს შემთხვევაში კი ისინი საკრებულომ დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.


გამგებლების ცვლილებების პარალელურად საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვალამდე 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც რიგ შემთხვევაში ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია.


არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, “სამართლიანმა არჩევნებმა” საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში სულ სამსახურიდან გათავისუფლებულია 1877 თანამშრომელი, 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა,  34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 425 რწმუნებული, გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხეო, სადაც ძირითადად შეიცვალა საბავშო ბაღების გაერთიანებების უფროსები.


“გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევებში ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვს დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათ ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ნინო ლომჯარია და დასძენს, რომ რიგ შემთხვევებში სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა მათი უმეტესობა ამ ფაქტის საჯარო აღიარებისაგან თავს იკავებს.


“ნაწილმა თავისი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა. რაც შეეხება ახალი თანამშრომლების აყვანას, საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. პარტიული ნიშნით ძირითადად კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ”, – ამბობს ლომჯარია.


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ასევე გამოიკვეთა საგამოძიებო სამსახურების დაინტერესება ადგილობრივი თვითმართველობების ორგანოების საქმიანობით. რამდენიმე შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაკითხულ იქნენ თანამდებობის პირები. ანგარიშში წარმოდგენილია სამართლებრივი დევნის 11 შემთხვევა, რა დროსაც სამართალდამცველები დაინტერესდნენ ადგილობრივი თვითმართველობის თანამდებობის პირთა და მოხელეთა საქმიანობით, რაც ძირითადად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. გამოძიება ძირითადად საბიუჯეტო რესურსების უკანონო გამოყენების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით მიმდინარეობს.


“დაახლოებით 2000–დე მოქალაქეა ამ დროისთვის გათავისუფლებული. ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის მზარდი დინიმაიკა, ანუ არ ჩერდება [პროცესი]. ახალი თანამშრომლების აყვანა ხდება ხშირ შემთხვევაში კონკურსის გარეშე და პოლიტიკური ნიშნით უპირატესობის მინიჭებით. ვფიქრობ, სწორედ ახლა არის დრო იმისათვის, რომ რაღაც შეთანხმება მოხდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი. ძალიან სამწუხარო იქნება და ძალიან ცუდი რამ მოხდება ქვეყნისთვის, თუკი მოხდება საჯარო სამსახურის პოლიტიზება ისე, როგორც ეს აქამდე იყო”, – “ნეთგაზეთთან” საუბარში აცხადებს ლომჯარია.


ხელისუფლების და ოპოზიციის მოსაზრებები


ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები საყურადღებოა, თუმცა მომხდარი ფაქტების შეფასებით ნაწილში მათი პოზიციები განსხვავებულია.


თვითმმართველობებში ადამიანების თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილიც ფლობს, რომელიც ამბობს, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება ხდება, თუმცა იმ ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც კანონმდებლობა იძლევა. მისი თქმით, დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით ცენტრალური ხელისუფლება თვითმართველობებში მიმდინარე პროცესებში იურიდიულად ვერ ჩაერევა.


“ქვეყნის მასშტაბით თვითმართველობებში სულ დაახლოებით 35–40 ათასი ადამიანი მუშაობს, გათავისუფლებულია 1877, ანუ მხოლოდ  5,3 პროცენტი… თანამშრომლების  94–95 პროცენტი საკუთარ ადგილზე მუშაობას განაგრძობს. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ფაქტები, რომელზედაც რეაგირება არის საჭირო. იყო შემთხვევები, როდესაც, ჩემი აზრით, კანონდარღვევით ხდებოდა რიგი თანამშრომლების გათავისუფლება, ოღონდ ეს ჩემი აზრია”, – ამბობს მელაშვილი და დასძენს, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც დღეისათვის არსებობს, ცენტრალურ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, არ აძლევს ლეგალურ საშუალებას იმისათვის, რომ ღიად ჩაერიოს ამ პროცესებში.


“პრემიერის კანცელარიას არ აქვს არანაირი საშუალება იურიდიული, რომ ამ პროცესებში ჩაერიოს”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ხელისუფლების შეცვლიდან პირველ თვეებთან შედარებით რეგიონებში საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესის დინამიკა შემცირებულია. ამასთანავე, მელაშვილის მტკიცებით, 1 ოქტომბრის შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც რიგი რეგიონებისა და რაიონების ადმინისტრაციულ ორგანოებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, თუმცა ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება მაინც ხდებოდა.


როგორც ცნობილია, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე რაიონში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მაღალჩინოსნების გადაყენების მოთხოვნით მოსახლეობის საპროტესტო აქციები იმართებოდა. ამ პროცესს ნაციონალური მოძრაობა “ქართულ ოცნებას” უკავშირებდა და მმართველ გუნდს თვითმმართველობებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.


მელაშვილი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევებში ზეწოლა მართლაც ხორციელდებოდა, თუმცა შს სამინისტრომ რეაგირება უკვე მოახდინა.


“მსგავსი ზეწოლის 21 საქმეზე დაიწყო შს სამინისტრომ გამოძიება და ზოგიერთი ადამიანი უკვე დასჯილიც არის… “ქართული ოცნების” მხარდამჭერებზეა ლაპარაკი”, – აცხადებს იგი.


მელაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში სიტუაცია ახლაც დაძაბულია, რადგან მოსახლეობა მოქმედი, წინა მთავრობის დროს დანიშნული  ჩინოსნების გათავისუფლებას მოითხოვს.


საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ 15 აპრილს გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ივანიშვილის ეს განცხადება ძალიან კარგი, პოზიტიური და მისასალმებელია, მაგრამ რეალობა ამ ღია წერილის შინაარსისაგან კარდინალურად განსხვავებულია.


“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეგიონებში პროცესები იმართებოდა სწორედ პარტიული ჯგუფების მიერ. ჩვენ მართლა ისტორიული პროცესის მონაწილენი ვიყავით, როცა პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით, მაგრამ, როგორც ჩანს, ან გამოციდლების არქონის, ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, არასწორად გაიგო პოლიტიკურმა სპექტრმა არჩევნების შედეგების ასახვა რეალობაზე.


ეს პირადი განცხადებები, რომლის საფუძველზეც ადამიანები სამსახურებიდან გათავისუფლდნენ, ჰაერიდან მოსული რომ არ არის,  ხომ ყველამ ვიცით?!” –  აცხადებს კუბლაშვილი და რეგიონებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდებს.


“მაინტერესებს, რას ვუშვრებით იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომელთაც, კასპის მაგალითზე რომ ვთქვათ,  ოლეგ იაძე [კასპის რაიონის გამგებელი]  ხუთ წუთში ათავისუფლებს სამსახურიდან… ამ ადამიანებს რას ეუბნებით, რომ ეს ბოლოჯერ იქნება და მეტი აღარ მოხდება, თუ რას?!” – მიმართავს იგი მმართველ გუნდს.


ნაციონლაური მოძრაობის კიდევ ერთი  წევრის, ირმა ნადირაშვილი თქმით კი, ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ამა თუ იმ რაიონის გამგებლის თანადმებობიდან გათავისუფლება ხდება, შესაბამის მუნიციპალიტეტში ე.წ. რეოგრანიზაციის პროცესიც იწყება და ხშირად დამლაგებლებსაც კი ათავისუფლებენ ხოლმე სამსახურიდან ამ პროცესის ფარგლებში. მისი თქმით, როდესაც არჩევნების შემდეგ რეგიონებში თვითმართველობებზე ზეწოლა დაიწყო, ხელისუფლებას მაშინვე უნდა მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, დღეს კი პროცესი ძალიან გაღრმავებულია.


“შეჩერებული ჯერ კიდევ არ არის ეს პროცესი. მე მინდა გითხრათ, რომ ახლა გურიის რეგიონში ემზადებიან ამ ე.წ. რეორგანიზაციისათვის. სამცხე–ჯავახეთის სამ რაიონში რეორგანიზაციაა გამოცხადებული და ადამიანებს გაფრთხილებები აქვთ დარიგებული, რომ მათ შესაძლოა მუშაობა ვეღარ გააგრძელონ საჯარო სამსახურებში”, – აცხადებს დეპუტატი და დასძენს, რომ მისი აზრით, ერთ ასეთ შემთხვევაზე მაინც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ადამიანების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო და როდესაც ასეთი პრეცედენტი შეიქმნება, შესაძლოა, რეგიონებში საჯარო სტრუქტურებიდან პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების სამსახურებიდან გათავისუფლების პროცესი გაჩერდეს.


საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, რომ რაიონულ თვითმართველობებში მოქალაქეების საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ზემოხსენებული სტატისტიკა კატასტროფული არ არის. მისი თქმით, ის, რომ მოქალაქეების წარმოდგენაში რაიონული თვითმმართველობები ცენტრალურ ხელისუფლებასთან არის მიბმული და რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს თავის წარმოდგენებში ცენტრალურ მთავრობაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ იგივე მოლოდინი რაიონებშიც გაუჩნდათ, ახალი არ არის და ეს სისტემა თუ დამოკიდებულება წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა.


“საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა მოქალაქეების მიერ საკუთარი ნების გამოხატავში იქამდე, ვიდრე  ისინი არ დაარღვევენ ცალეკული ადამიანების უფლებებს”, – აცხადებს იგი რეგიონებში გამგებლების შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციების კომენტირებისას.


არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები და რეკომენდაციები


არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წარმომადგენელი ელენე ხოშტარია “სამართლიანი არჩევნების” მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ასახულ საკითხს სისტემურ პრობლემად მიიჩნევს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თავის მართლების ნაცვლად რეალური პასუხისმგებლობა აიღოს და რეაგირება დაიწყოს.


“ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელზეც დღევანდელი ხელისუფლება არაერთხელ საუბრობდა [გასულ წლებში] წინა ხელისუფლების შესახებ, პრეტენზიების სახით, ხშირ შემთხვევაში სამართლიანადაც. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ნებასთან და არა ობიექტურად შექმნილ რეალობასთან. სამწუხაროდ, ეს სისტემური პრობლემა ხდება სწორედ ამ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგის ფონზე. მივესალმები პრემიერის განცხადებას, რომელიც პოზიტიური იყო, თუმცა დაგვიანებული და არასაკმარისი. მე ყველაზე ძალიან მაწუხებს ის მიდგომები, რასაც მთავრობის მხრიდან ვხედავ ამ პრობლემასთან მიმართებაში”, – განაცხადა ხოშტარიამ და დასძინა, რომ რეგიონებში ის პროცესები, რომლის შესახებაც ზემოხსენებულ ანგარიშშია საუბარი, უკვე თვეების განმავლობაში გრძელდება და არ ჩანს რესურსი, თუ როგორ უნდა შეჩერდეს იგი. მისი თქმით, ხელისუფლებამ რეაგირება უნდა დაიწყოს.


ხოშტარიას აზრით, არასწორია სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირება და იმის თქმა, რომ საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული ადამიანების რაოდენობა საერთო სურათის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. მისი განცხადებით,  როდესაც კანონდარღვევა თუნდაც ერთ ადამიანს ეხება,  უკვე საგანგაშოა და მას რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.


“სტატისტიკური ციფრებით მანიპულირებაში, ალბათ, ნაციონალურ მოძრაობას ვერ გაუსწრებთ. ისინი ძალიან ნიჭიერები იყვნენ ამაში”, – მიმართა მან ხელისუფლებას.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ რეგიონებში სწორი მესიჯები უნდა გაგზავნოს იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი გავლენას თვითმმართველობების საკადრო პოლიტიკაზეც მოახდენს,


ხელისუფლებას თავისი რეკომენდაციებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებიც” მიმართავს.  ეს ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ტენდენციას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას:


“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, არ მომხდარა  მკაფიო ნაბიჯების გადადგმა თვითმმართევლობებში განვითარებული ტენდენციის  შეჩერების კუთხით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოეწყოს დისკუსია ხელისუფლების,  ოპოზიციის და ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით,  თვითმმართველობაში შექმნილი სიტუაციის აღკვეთის გზებსა და უფლებადარღვეული  მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილების კუთხით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.


თენგიზ შერგელაშვილი კი ამბობს, რომ თვითმმართველობის სისტემის რეფორმირებაა საჭირო, რომელიც რეგიონებში საკადრო საკითხებსაც დაარეგულირებს. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი