ახალი ამბები

მკაფიო აქცენტები კვირიკაშვილის მიმართვაში მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ

1 აგვისტო, 2017 • 1663
მკაფიო აქცენტები კვირიკაშვილის მიმართვაში მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი ადასტურებს ტრამპის ადმინისტრაციის სურვილს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის გაღრმავდეს თანამშრომლობა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ის როლი საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ნატოში გაწევრების გზაზე იყო და არის უმნიშვნელოვანესი.

“თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა. დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია. ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა გაამახვილა ყურადღება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობაა.

“თქვენი შეხვედრა ღირსეული პარტნიორის წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ისე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 2017 წელს შეათანხმეს ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და მდგრადობისთვის.

ეკონომიკური თანამშრომლობა

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა იმ ფინანსურ დახმარებაზე, რაც ამერიკამ საქართველოს გაუწია და აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო საინტერესო ხდება ამერიკული ბიზნესისთვის.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ  საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის გარემო აქვს კორუფციისა და ბიუროკრატიის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებლისა და დაბალი გადასახადების თვალსაზრისით. პრემიერს მიაჩნია, რომ ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ამერიკულმა ბიზნესმა სარგებელი იპოვოს.

“ჩვენი მიზანია, ამერიკულ ბიზნესს შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში. ნიშანდობლივია ამერიკული ბიზნესის დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კვირიკაშვილი შეეხო თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და პორტის ოპერატორ ამერიკულ კომპანიას, SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს. ასევე, ჩადებს ინვესტიციას პროექტში.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით დაინტერესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და საქართველოს რეგიონულ გზაჯვარედინად გარდაქმნის პოტენციალს.

კვირიკაშვილმა ისაუბრა აშშ-ის მხარდაჭერაზე ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოების მდგრადობას.

კონფლიქტების მოგვარება და დეოკუპაცია

პრემიერმინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის.

“ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. უპრეცედენტო იყო ბატონი ტრამპის, პირადად თქვენი, ბატონო ვიცეპრეზიდენტო, და ახალი ადმინისტრაციის და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ როლს თამაშობს ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში და მნიშვნელოვანია, რომ მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია საქართველოში სტაბილურობის, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფის კუთხით, მეორე მხრივ კი, საქართველოს თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

“ამ კონფლიქტის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, თანმიმდევრულობით, ეკონომიკური განვითარებით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, პირველ რიგში, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ნატო

ჟურნალისტის კითხვაზე მაიკ პენსის მიმართ, დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის აგრესიისგან, გიორგი კვირიკაშვილმა ასევე უპასუხა, რომ საქართველო იღწვის ნატოს წევრობისკენ, იმის მიუხედავად, რომ ეს რთულია.

“განცხადება, რომ “ჩვენ თქვენს გვერდით ვარ” ნათელს ჰფენს ყველაფერს. საქართველო ეჩეხება დაუსრულებელ პროვოკაციებს ყოველდღე საოკუპაციო ხაზზე, მიმდინარეობს ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, ადამიანის საბაზისო უფლებები ირღვევა. ამას ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ ეს, ამავე დროს, ძალას გვმატებს, რომ ნატოს წევრი გავხდეთ. საბოლოო მიზანი ნატოში გაწევრებაა. ჩვენ მივუყვებით ამ რთულ გზას, რომელიც გულისხმობს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირებას და საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით, როდესაც საქმე ეხება ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხეს. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია საქართველოს, რეგიონის და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი