ახალი ამბები

შავგულიძე: პენსთან ვისაუბრე ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციაზე მმართველი პარტიის ხელში

1 აგვისტო, 2017 • 1697
შავგულიძე: პენსთან ვისაუბრე ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციაზე მმართველი პარტიის ხელში

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისს გუშინ, 31 ივლისს ეწვია, დღეს დილით შეხვდა ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს: ენმ-ს ლიდერ ნიკა მელიას, ევროპული საქართველოს ლიდერ დავით ბაქრაძეს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერ შალვა შავგულიძეს და “შენების მოძრაობის” ლიდერ დავით უსუფაშვილს.

შეხვედრის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა შალვა შავგულიძემ “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რა საკითხები დასვა ვიცეპრეზიდენტთან დახურულ შეხვედრაზე:

“ეს არის ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ხელისუფლების სრული კონტროლი სასამართლოზე, პროკურატურაზე, სამართალდამცავ და სახელმწიფო უშიშროების სისტემაზე, ასევე, სრული კონტროლი აქვს აღმასრულებულ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე და ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრინციპს,” – განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა “მედიის კონტროლის დაუოკებელ სურვილზე ხელისუფლების მხრიდან, რაც თითქმის მიღწეულია”.

შავგულიძის თქმით, მან ასევე ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გავლენის მოპოვებისთვის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პენსი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა პრემიერთან პირისპირ შეხვედრისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი