ახალი ამბები

„ხომ არ დაუკავებიათ თქვენი შვილი საქართველოში?“

20 აგვისტო, 2017 • 3395
„ხომ არ დაუკავებიათ თქვენი შვილი საქართველოში?“

„ხომ არ დაუკავებიათ თქვენი შვილი საქართველოში?“ – თითქმის ყოველდღე ეკითხებიან სელიმ დ-ს დედას მეზობლები. დედა თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს, სელიმი კი უკვე ექვსი წელია ოჯახთან ერთად საქართველოშია. ის საქართველოში მეგობრის რჩევითა და მისივე დახმარებით ჩამოვიდა. ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ კი აქვე დაოჯახდა, მეუღლე ერთ-ერთ ქართულ უნივერსიტეტში სწავლობს.
სელიმი თურქეთის მოქალაქეა და საქართველოში მუდმივად ბინადრობის უფლება აქვს. მოსწონს საქართველო და ამ დრომდე ქვეყნის დატოვებაზე არ უფიქრია. ეს საკითხი მის ოჯახში განხილვის თემაა მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობის მოთხოვნით თბილისში დემირელის სკოლის მენეჯერი, მასწავლებელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს, სასამართლომ კი მას ექსტრადირების სამთვიანი ვადა შეუფარდა.

სელიმს წარმოდგენაც არ უნდა, რა შეიძლება მოხდეს, თუ მათგან რომელიმე, ვისაც ფეტულა გიულენთან სავარაუდო კავშირი და მისი თანამოაზრეობა ბრალდება, თურქეთში მოხვდება. იმის გაფიქრებაც კი არ უნდა, რომ შეიძლება ისიც დააკავონ და თურქეთის მთავრობას გადასცენ.

სელიმს და მის მეგობარს ბევრი აქვთ მოსაყოლი იმაზე, თუ როგორ სასტიკად სჯიან ადამიანებს თურქეთში, ფეტულა გიულენთან სავარაუდო კავშირის ან მისი თანამოაზრეობის გამო. მათი თქმით, საფრთხე ემუქრებათ იმ ადამიანებსაც კი, ვინც გიულენის სახელთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში რიგით თანამშრომლებად ან დამხმარე მოხელეებად მუშაობდნენ. თურქეთის მთავრობა მათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირისა და სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით ასამართლებს.

შაჰინის სკოლა ბათუმში, რომელიც დემირელის საგანმანათლებლო ქსელში არსებული ხუთი სკოლიდან ერთ-ერთი იყო, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დახურა. ამას წინ უსწრებდა თურქეთის კონსულის განცხადება შაჰინის სკოლის ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის შესახებ.

საქართველოში თურქეთის ასამდე მოქალაქეა, რომლებმაც იციან რა ელით თავიანთ სამშობლოში ჩასვლის შემთხვევაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ იციან, რა ელით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დარჩებიან საცხოვრებლად. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც საქართველოში წარმატებული სამშენებლო ბიზნესი აქვთ. ისინი ამ ბიზნესის გაფართოებას გეგმავდნენ კიდეც, მაგრამ ახლა არსებული საფრთხეების გამო ინვესტიციის ჩადება გადაიფიქრეს. საფრთხის მიუხედავად, ისინი ფიქრობენ, რომ მათ საქართველოში ჯერჯერობით არ უთვალთვალებენ, თუმცა ღამით ქუჩაში მარტო გამოსვლას მაინც ერიდებიან. მათი თქმით, იყო შემთხვევები, როცა თურქმა სამართალდამცავებმა ადამიანები გაიტაცეს. ბოლოს ასეთი ფაქტი მალაიზიაში დაფიქსირდა.

სელიმი იმედოვნებს, რომ საქართველო დემოკრატიის გზას არ გადაუხვევს და დემირელის სკოლის მენეჯერს თურქეთის მთავრობას არ გადასცემს. მოვლენები დრამატულად რომც განვითარდეს და საქართველოს მთავრობამ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს გადასცეს, რაც მისი თქმით, ჩაბუქის სასიკვდილოდ გაწირვა იქნება, სელიმი საქართველოდან წასვლას მაინც ვერ შეძლებს…

დემირელის სკოლის დირექტორზე ექსტრადირების სამთვიანი ვადის შეფარდების შემდეგ, საქართველოში მცხოვრებმა თურქეთის იმ მოქალაქეებმაც კი, რომლებსაც ქვეყნის დატოვება საბოლოოდ არ გადაუწყვეტიათ, თადარიგი დაიჭირეს და რამდენიმე ქვეყნის საელჩოს ვიზების მიღების თხოვნით მიმართეს. ამის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ოჯახებს არ მიეცათ, რომელთა შვილებიც საქართველოში დაიბადნენ და თურქეთის მოქალაქეებად დარეგისტრირებულები არ არიან. მათ შორისაა სელიმის ოჯახიც. მას ორი შვილი ჰყავს. უფროსი შვილისთვის საერთაშორისო პასპორტის მიღება მოასწრო, უმცროსი შვილის თურქეთის მოქალაქედ დარეგისტრირებას კი ვერ ახერხებენ, ამის მიზეზი ისაა, რომ მათთვის „შესაბამის უწყებებთან ურთიერთობა შეუძლებელია“.

ანალოგიური პრობლემები აქვთ იმ მოქალაქეებსაც, რომელთა პასპორტებს ვადა გაუვიდა – საელჩოში მათ დოკუმენტების განახლებაზე უარს ეუბნებიან: „მიზეზად თურქეთში საგანგებო მდგომარეობას ასახელებენ. თუმცა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ფეტულა გიულენის მოკავშირეებად არ მიიჩნევენ, დოკუმენტების განახლებაზე უარს არ ეუბნებიან“.

ფოტოზე: გაზეთი Sozcu ცარიელი ფურცლებით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთში ათასობით ადამიანი დააკავეს ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით. მაისში თურქულმა პოლიციამ იმავე ბრალდებით დააკავა ოპოზიციური გაზეთის, Sozcu-ს მფლობელი და გამოცემის სამი თანამშრომელი. 19 მაისს გაზეთი პროტესტის ნიშნად ცარიელი ფურცლებით გამოვიდა. ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN

ფოტოზე: გაზეთი Sozcu ცარიელი ფურცლებით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთში ათასობით ადამიანი დააკავეს ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით. მაისში თურქულმა პოლიციამ იმავე ბრალდებით დააკავა ოპოზიციური გაზეთის, Sozcu-ს მფლობელი და გამოცემის სამი თანამშრომელი. 19 მაისს გაზეთი პროტესტის ნიშნად ცარიელი ფურცლებით გამოვიდა.
ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN

სელიმის შეფასებით, დღეს თურქეთში ადამიანების ორ კატეგორიად დაყოფა შეიძლება – ვინც ინფორმაციას მხოლოდ თურქეთში მოქმედი მედიასაშუალებებით იღებს და ისინი, ვისაც წვდომა აქვთ ევროპულ არხებზე: „…იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მხოლოდ თურქეთის მედიის საშუალებით აფასებენ მდგომარეობას, შეიძლება იყვნენ ჩემი ახლო ნათესავებიც. მათ უჩნდებათ კითხვები, ხომ არ არის მართალი ის, რასაც თურქეთის მედია გადმოსცემს? მაგრამ ვისაც აქვს წვდომა საერთაშორისო ამბებზე, მათ კარგად იციან სინამდვილეში რაც ხდება. რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი იქ დარჩენილი ოჯახებიც – ჩემს მშობლებს ყოველდღე ეკითხებიან, რამე ხომ არ იციან ახალი ჩემზე, ხომ არ დამაკავეს საქართველოში“.

სელიმის აზრით, როცა თურქეთის მოქალაქეებზე, მათ პოზიციაზე ზოგადად ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს თურქეთში ადამიანი, რომელიც საკუთარი აზრის გამოხატვას გაბედავს, განსაკუთრებით ეს ეხება ოპოზიციურ შეხედულებას, ის მეორე დღესვე ციხეში ხვდება: „ამიტომ დღევანდელ მდგომარეობაში ასეთი ქმედების ჩადენა ძნელია.“

ომარ ზ.-ც თურქეთის მოქალაქეა. ის საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა და 13 წელია აქ ცხოვრობს. საქართველოში გაიცნო მეუღლეც: „დავქორწინდით და ორი შვილი გვყავს“.

საქართველოს დატოვებას არ გეგმავდნენ, თუმცა ახლა უკვე არ იციან როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ისინი ელოდებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას – მუსტაფა ემრე ჩაბუქს მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს, თუ უარს ეტყვის. „გულწრფელად ვამბობ, წასვლა არ მინდა“, – ამბობს ომარი. ის ქართულადაც ლაპარაკობს.

ომარის თქმით, მას ასევე გაუგია ბიზნესმენების შესახებ, რომლებსაც საქართველოში გარკვეული პრობლემები შეექმნათ, თუმცა დაზუსტებით მხოლოდ ერთის შესახებ ფლობს ინფორმაციას: „მხოლოდ სინან სარაჩზე შემიძლია გითხრათ, ის უკვე დააკავეს“.

სარაჩი საქართველოში ოჯახთან ერთად 2016 წლიდან ცხოვრობს, ფლობს უძრავ ქონებას და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას – კვების ობიექტების ქსელი აქვს. ადვოკატის ინფორმაციით, 2016 წელს ის იძულებული გახდა, თურქეთის ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან ქვეყანაში მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

სინან სარაჩს ბრალად შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა ედება, თუმცა ბრალის აღწერაში მითითებულია, რომ სარაჩი ორგანიზაცია FETO/PDY-ს ფინანსურად ეხმარებოდა.

ომარმა საქართველოში მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვეა მას დამსაქმებელთან პრობლემები შეექმნა და სამუშაო დაკარგა. ანალოგიური მიზეზით – ფეტულა გიულენთან სავარაუდო მოკავშირეობა. ომარს ჰქონდა მცდელობა სხვაგან ეპოვა სამსახური, მან წარმატებულ თანამემამულე ბიზნესმენებს მიმართა დასაქმების თხოვნით, კარგად შეხვდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგეს თუ სად მუშაობდა აქამდე, უკან დაიხიეს: „ეშინიათ, რომ ჩვენ გამო მათაც შეექმნებათ პრობლემები და უარს გვეუბნებიან“. მასთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ ქართველ მეგობრებს: „13 წელია მიცნობენ და სჯერათ, რომ საშიში არ ვარ“.

ომარი არ საყვედურობს მათ, ვინც მისგან დისტანცირებას ცდილობს. მიიჩნევს, რომ ყველას, ვინც მათ დახმარების ხელს გაუწვდის, შეიძლება სწორედ ამის გამო შეექმნას პრობლემები.

თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქის, მეჰმედ ჯ.-ს ოჯახმა კი საქართველოს დატოვება უკვე მოახერხა. ისინი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ. აქ დარჩენილი მისი თანამემამულეები, ძირითადად, კანადაში წასვლაზე ფიქრობენ. ამის მიზეზი ამ ქვეყანაში ლტოლვილებისადმი ლოიალური დამოკიდებულება და თავშესაფრის მიღების იმედია. გამგზავრებისას მათ კიდევ ერთი საკითხი უნდა გაითვალისწინონ – უსაფრთხო ტრანზიტი. მათ უკვე აქვთ გამოცდილება, როცა უკრაინის გავლით სხვა ქვეყანაში მიმავალი თურქეთის მოქალაქე აეროპორტში დააკავეს და იძულების წესით წაიყვანეს თურქეთში.

ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ყოფილ პედაგოგებს. მათგან ზოგიერთი ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში მოქცეული ქსელის სხვა სკოლაში გადავიდა სამუშაოდ, ზოგიერთი კი ისევ ბათუმში მუშაობს, სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში, რომელიც ისევ ფუნქციონირებს. რამდენიმე კი ამ დრომდე უმუშევარია.

თბილისში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს თურქეთის მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. მას ფეტულა გიულენის „ტერორისტულ ორგანიზაცი“ FETO-სთან კავშირში ადანაშაულებენ. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან. 7 ივნისი, 2017 წელი. გუკი გიუნაშვილის ფოტო

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან. 7 ივნისი, 2017 წელი. გუკი გიუნაშვილის ფოტო

თურქეთში 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალური ანკარა ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს სდებს ბრალს, შესაბამისად, თურქეთის მთავრობა დევნის ყველას, ვისაც მასთან ან მის ორგანიზაციებთან რაიმე სახის კავშირი აქვს ან ჰქონდა. თუმცა პენსილვანიაში მცხოვრები რელიგიური ლიდერი აჯანყებასთან კავშირს უარყოფს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისა და მისთვის ექსტრადირების ვადის შეფარდების შემდეგ საქართველოში მოქმედმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების, არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი გახდეს.

ამავე თემაზე: 

რებეკა ჰარმსი: საქართველომ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს ჩაბუქის თურქეთში ექტრადირებაზე

“პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს ხელზე ბორკილი” – აქცია მუსტაფა ჩაბუქის მხარდასაჭერად [ფოტო/ვიდეო]

თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული მასწავლებელი საქართველოში – ჩაბუქის ისტორია

მასალების გადაბეჭდვის წესი