ახალი ამბები

იუსტიციის საბჭო აცხადებს, რომ სხდომის ვიდეოჩანაწერი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გაკეთდა

31 ივლისი, 2017 • 2118
იუსტიციის საბჭო აცხადებს, რომ სხდომის ვიდეოჩანაწერი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გაკეთდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გაკეთდა 24 ივლისის სხდომის დიდი ნაწილის ვიდეოჩანაწერი, კერძოდ, არ არის ჩაწერილი 16 საკითხიდან – 12.

გავრცელებულ განცხადებას ნაზი ჯანეზაშვილისა და ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი უერთდება.

დღეს, 31 ივლისს, საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ 24 ივლისის სხდომა მნიშვველოვანი დარღვევებით წარიმართა, სხდომის ვიდეოჩანაწერი კი – განადგურდა.

“მე საფუძვლიანი ეჭვი გამოჩნდა, რომ გაყალბდა. ეს ეჭვი გუშინ არ გამიჩნდა საბჭოს სხდომაზე, ეს პრაქტიკა ადრეც იყო შენიშნული. კოტე კუბლაშვილის დროსაც მოხდა ეს, მანამდეც იყო განხორციელებული და ყოველთვის ტექნიკურად ვერ ხერხდებოდა და იკარგებოდა სხდომის ის ოქმი, სადაც საბჭო და უმრავლესობა კანონისა და პროცედურების უხეში დარღვევით წარმართავდა საქმეს,”- განაცხადა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვახტანგ მჭედლიშვილმა.

საბჭოს მოსამართლე წევრებმა ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოს იმიჯის შელახვაში დაადანაშაულეს.

გავრცელებულ განცხადებაში საბჭოს წევრთა უმრავლესობა კატრგორულად უარყოფს ჩანაწერის განზრახ წაშლას და მომხდარს ტექნიკურ ხარვეზით ხსნის:

“საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, წარმოებდა აღნიშნული სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა, სხდომა მიმდინარეობდა ღია ფორმატში და მას ესწრებოდნენ საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები. ამავდროულად, საბჭოს სხდომა პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა საერთო სასამართლოების შიდა ქსელით (ინტრანეტით) და საბჭოს ჰოლში დამონტაჟებულ მონიტორზე იქ მყოფი მასმედიის წარმომადგენლებისათვის. სხდომის მიმდინარეობისას გამოვლინდა ქსელის შეფერხება, რის თაობაზეც ინფორმაცია წარდგენილ იქნა საბჭოს სხდომაზე. აღნიშნული შეფერხება სავარაუდოდ გამოიწვია სხდომის „ტრანსლირების სერვერზე“ საერთო სასამართლოებიდან დიდი რაოდენობის მომხმარებელთა დაკავშირებამ.

„სერვერზე“ შეფერხების გამო, დაახლოებით 14:00 საათიდან, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სხდომაზე შესვენება, ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხიდან 12 საკითხის ჩაწერა. სპეციალისტების დახმარებით საბჭოს „სერვერზე“ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე დღეს – 25 ივლისს.

შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი წევრის შეფასება, საბჭოს სხდომის ვიდეოჩანაწერის განადგურებისა და ვიდე ჩანაწერის გაყალბების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს,”- აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

24 ივლისის სხდომაზე განვითარებული მოვლენები ასევე გააკრიტკა კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”. მათ 26 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში განაცხადეს, რომ დღის წესრიგით საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წევრის, გიორგი ებანოიძის გადაყენება. მათივე განცხადებით, საბჭომ ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და კანონს გვერდი აუარა.

 

იუსტიციის საბჭო ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  სისხლის  სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ იქნა წინადადება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიების შერწყმისა და ახალი კოლეგიის – სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითად განხილვის კოლეგიის შექმნასთან დაკავშირბით

“საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი წინადადება მხარდაჭერილ იქნა. საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა აღნიშნული საკითხის დასაბუთებისათვის წარმოადგინა ჯერ კიდევ საბჭოს წინა შემადგენლობის ფორმატში დაყენებული რეკომენდაცია – საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გაერთიანების მიზანშეწონილობის თაობაზე…. მიღებულმა გადაწყვეტილებამ დღის წესრიგში სამართლებრივად დააყენა აღნიშნული კოლეგიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხის განხილვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიების რეორგანიზაციის სამართლებრივი ფორმიდან (კოლეგიების შერწყმა) გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, განხორციელდა მოქმედი კოლეგიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების შეწყვეტა,”- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი