კოალიცია: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკანონოდ მოხსნა თანამდებობიდან გიორგი ებანოიძე

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე” მართლსაჯულებისთვის აცხადებს, რომ 24 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საბჭომ უფლებამოსილება თვითნებურად გამოიყენა და კანონს გვერდი აუარა:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად იქნა გამოტანილი  საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიასთან მიერთების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლად დანიშნული თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის, განმარტებით ცვლილება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განტვირთვას ემსახურებოდა. თავდაპირველად, აღნიშნული ინიციატივა საბჭოს ყველა წევრმა მოიწონა, თუმცა. როგორც გადაწყვეტილების პროექტის კენჭისყრამდე გაირკვა, ცვლილება რეალურად, კანონის გვერდის ავლით, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის  თანამდებობიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა საბჭოს წევრებს მოუწოდა, კოლეგიების გაერთიანების შედეგად გიორგი ებანოიძეს თანამდებობა შეენარჩუნებინათ, საბჭოს წევრების მხრიდან ცვლილების რეალური მიზეზი პირდაპირ გაჟღერდა. მათი განმარტებით, ისინი უკმაყოფილო იყვნენ გიორგი ებანოიძის მუშაობით და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მენეჯმენტის ცვლილება სურდათ,”- აცხადებს კოალიცია.

გიორგი ებანოიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საბჭოს დღის წესრიგით საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. გარდა ამისა, კოალიციის ცნობით, სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული თავად გიორგი ებანოიძეც, რომელსაც ამ საკითხზე აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემოდა.

ამავე სხდომაზე გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ბადრი შონიას დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

“ასეთ პირობებში, ბადრი შონიას დანიშვნა გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დამატებით ადასტურებს, რომ საბჭოს რეალური მიზანი მათთვის არასასურველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას მხოლოდ 3 – მა არამოსამართლე წევრმა (ვახტანგ მჭედლიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი) არ დაუჭირა მხარი,”- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ საბჭოს ახალი შემადგენლობა აგრძელებს წინა საბჭოს მიერ დადგენილ მანკიერ პრაქტიკას და კვლავ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა არა კანონის საფუძველზე, არამედ კლანური ინტერესებიდან გამომდინარე იმართება.  ამგვარი ვითარება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, დაუყოვნებლივ შეცვალოს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება და შეწყვიტოს სასამართლოსა და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების თვითნებურად დანიშვნის/გათავისუფლების პრაქტიკა,”- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი