ახალი ამბები

კობა დავითაშვილი მომხრეა, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალა ჰქონდეს

19 აპრილი, 2013 • • 935
კობა დავითაშვილი მომხრეა, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალა ჰქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯვრისწერისთვის იურიდიული ძალის მინიჭებაში ცუდს ვერაფერს ხედავს:

 

“მე ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ პროცედურის გამარტივებისთვის ღვთისმსახურს სახელმწიფოდან დელეგირებული ექნება უფლება, პირის თანხმობის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრირება ადგილზე მოახდინოს და ახალდაქორწინებული არ იქნება ვალდებული სხვა ადგილზე მოახდინოს ქორწინების რეგისტრირება, რომ შეიძლებოდეს ჯვრისწერასთან ერთად სამოქალაქო რეგისტრირება.”

 

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ამ უფლების მინიჭებით ეკლესია ხომ არ იჭრება სამოქალაქო სივრცეში, დავითაშვილი პასუხობს, რომ არა: 

 

“რატომ? ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას.”

 

დავითაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ჯვრისწერის და ქორწინების დარეგისტრირების ცალ-ცალკე არსებობა განსაკუთრებით  ქალების ქონებრივი უფლების დარღვევას იწვევს:

 

“ცალკე რელიგიური და ცალკე სამოქალაქო ქორწინების არსებობა ძალიან ხშირად იწვევს მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დარღვევას, განსაკუთრებით ქალბატონების, იმიტომ, რომ ბევრისთვის ეს არის ქორწინება, ასეთია აღქმა და ამ დროს ჩვენი სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ თუ ის არ არის რეგისტრირებული, არ წარმოიშვება არც ქონებრივი უფლებები, არც თანაცხოვრების დროს საერთო საკუთრების გაყოფის უფლება, არ წარმოიშვება არც ბავშვების მიმართ ალიმენტის უფლება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალბატონი ძალიან დაზარალებული რჩება ხოლმე ამის შედეგად.”

 

დავითაშვილი აცხადებს, რომ ქალთა უფლებების დასაცავად ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს:

 

“მე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მხარს დავუჭერ იმას, რომ ღვთისმსახურზე მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან დელეგირება, მით უმეტეს, არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება ეკლესიასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირია ეკლესია და ეს ფუნქციაც დაეკისრება, რომ წყვილს ადგილზე შესთავაზებს ღვთისმსახური და იქვე ადგილზე მოახდენს ამის რეგისტრირებას.”

 

მისივე მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პროცედურას გაამარტივებს:

 

“რა აუცილებელია მაინცდამაინც მმაჩის ბიუროში მისვლა, თუ შესაბამისი ბლანკით, ბეჭდით აღჭურვილი იქნება ღვთისმსახური და გააკეთებს ამას? მე მგონი, ეს გაამარტივებს ქორწინების პროცესს და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს სამოქალაქო უფლებების დაცვას, განსაკუთრებით ქალბატონების, რომლებიც ძალიან ხშირად დაზარალებულები რჩებიან იმის გამო, რომ ჯვარი დაწერილი აქვთ და ხელი მოწერილი არა.”

 

შეგახსენებთ, რომ ჯვრისწერას შესაძლოა იურიდიული ძალა მიეცეს. ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი