ახალი ამბებიხელოვნება

ჰარი პოტერი 37 წლის გახდა

31 ივლისი, 2017 • 7778
ჰარი პოტერი 37 წლის გახდა

ჯადოქრების სამყარო და სრულიად პოტერჰედები 31 ივლისს ორ განსაკუთრებულ მოვლენას აღნიშნავენ. 1965 წლის 31 ივლისს ქვეყანას მოევლინა ჯოან როულინგი, რომელსაც მთელი მსოფლიო ჯადოქარ ჰარი პოტერზე დაწერილი შვიდი წიგნით და ერთი პიესით იცნობს. ჯოან როულინგის დაბადების დღესთან ერთად ფანები ჰარი პოტერის დაბადების დღესაც აღნიშნავენ.

ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად გთავაზობთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტს ჰარი პოტერზე და მის სამყაროზე:

1)

2003 წელს მიცემულ ინტერვიუში როულინგი ამბობს, რომ ქვიდიჩის თამაშის იდეა იმდროინდელ შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ მოუვიდა. მისი აზრით, თამაში ცოტათი ძალადობრივია და გულის სიღრმეში მას ალბათ სურდა ენახა, როგორ მოხვდებოდა სახეში შეყვარებულს ბლაჯერი.

2)

მესამე ფილმის, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვის“ გადაღების დროს რეჟისორმა პატარა მსახიობებს, ემა უოთსონს, დენიელ რედკლიფს და რუპერტ გრინს სთხოვა დაეწერათ პატარა ესეი თავიანთ პერსონაჟებზე პირველ პირში. მოცემული დავალება მსახიობებმა უცნაურად შეასრულეს: ემა უოთსონმა ათგვერდიანი ესეი დაწერა, დენიელმა – სულ რაღაც ერთი გვერდი, ხოლო რონის როლის შემსრულებელმა საერთოდ არ დაწერა. მომდევნო წლებში რონის როლის შემსრულებელმა, რუბერტ გრინმა ახსნა, რომ დავალება ზუსტად შეასრულეს, ჰერმიონი ნამდვილად დაწერდა 10 გვერდს, ჰარი – ერთს, ხოლო რონი საერთოდ არ დაუთმობდა დროს დავალებებსო.

3)

ჯოან როულინგის დედა 1990 წელს გარდაიცვალა, რასაც მოჰყვა ავტორის დიდხნიანი დეპრესიის პერიოდი, ზუსტად ამ დროს შეიქმნა ავტორის გონებაში დემენტორები, რომლებიც წიგნში ემოციებს ართმევს ჰარის და აცარიელებს მას. ჯოან როულინგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მათთვის, ვისაც არ უგრძვნია დეპრესია, ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე. ალბათ სწორედ ამიტომ შექმნა მან ეს საშიში არსებები.

4)

2007 წელს, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჯოან როულინგს ჰკითხეს, რატომ არ ეთმობა წიგნებში ადგილი დამბულდორის პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ისტორიებს, რაზეც ავტორმა უპასუხა, რომ დამბულდორს ყოველთვის აღიქვამდა, როგორც ჰომოსექსუალს. მან ასევე დაამატა, რომ ჰოგვარტსის დირექტორი შეყვარებული იყო გრინდევალდზე, ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ჯადოქარ მამაკაცზე ჯადოქრების სამყაროში.

5)

Entertainment Weekly -სთვის დაწერილ „ჰარი პოტერის და ფენიქსის ორდენის“ რივიუში ცნობილმა ამერიკელმა ავტორმა, სტივენ კინგმა აღნიშნა, რომ მუდმივად მომღიმარი და ტკბილი ხმის მქონე დოლორეს ამბრიჯი არის ერთ-ერთი საუკეთესო ბოროტმოქმედი ლიტერატურის ისტორიაში.

ფოტო: hpwishlist.warnerbros.com

ამავე თემაზე: „ბიჭი, რომელიც გადარჩა“ – „ჰარი პოტერი“ 20 წლისაა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი