ახალი ამბებიხელოვნება

13 რომანი ბუკერის გრძელ სიაში

31 ივლისი, 2017 • 5314
13 რომანი ბუკერის გრძელ სიაში

The Man Booker Prize-ის საიტზე გასულ კვირას კონკურსში მონაწილე ავტორების და მათი წიგნების გრძელი სია გამოქვეყნდა,  წელს კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია, ჟიურიმ 13 წიგნს შორის უნდა შეარჩიოს საუკეთესო.

კონკურსანტთა სია ასე გამოიყურება:

  • 4 3 2 1 –  პოლ ოსტერი
  • დღეები დასასრულის გარეშე (Days Without End) –  სებასტიან ბერი
  • მაქციების ისტორია (History of Wolves) – ემილი ფრიდლანდი
  • გასასვლელი დასავლეთით (Exit West ) – მოსინ ჰამიდი
  • მზიანი ძვლები (Solar Bones) – მაიკ მაკკორმაკი
  • რეზერვუარი 13  (Reservoir 13 ) –  ჯონ მაკგრეგორი
  • ელმეტი (Elmet) – ფიონა მოზლი
  • უკიდურესი ბედნიერების სამინისტრო (The Ministry Of Utmost Happiness) – არუნდატი როი
  • ლინკოლნი ბარდოში (Lincoln in the Bardo) – ჯორჯ სანდერსი
  • ხანძარი სახლში (Home Fire) – კამილა შამსი
  • შემოდგომა(Autumn) – ალი სმითი
  • სვინგის დრო (Swing Time) – ზეიდი სმითი
  • მიწისქვეშა სარკინიგზო გზა (The Underground Railroad) – კოლსონ უაითჰედი

გრძელ სიაში შეხვდებით როგორც ძალიან ცნობილ, ასევე დებიუტანტ ავტორებს. ერთი-ერთი ავტორი, კოლსონ უაითჰედი უკვე არის პულიცერის პრემიის მფლობელი ამავე წიგნით (მიწისქვეშა სარკინიგზო გზა). აღსანიშნავია იამაიკური წარმოშობის ავტორის, ზეიდი სმითის მორიგი რომანი, რომელიც ორი ლონდონელი გოგონას მეგობრობაზე მოგვითხრობს.

ლიტერატურის კრიტიკოსები განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ არუნდატი როის დაბრუნებაზე ლიტერატურაში. 55 წლის არუნდატი როი არის ავტორი წიგნისა „წვრილმანების ღმერთი“, რომელმაც ბუკერის პრემია მოიპოვა ზუსტად ოცი წლის წინ. კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ოცი წელი მეორე რომანის დასაწერად, როიმ Guardians-ს უპასუხა: „ფიქციური ნაწარმოების შექმნას სჭირდება დრო. აჩქარება საჭირო არ არის. შეუძლებელია, იმაზე სწრაფად ან იმაზე ნელა დავწერო, ვიდრე ვწერ“.

არუნდატი როის ახალი რომანი ტრანსგენდერი ქალის ისტორიას მოგვითხრობს.

ბუკერის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა ბრიტანეთში და მთელს მსოფლიოში. 2014 წლამდე პრემია ყოველწლიურად გაიცემოდა ინგლისურენოვან ბრიტანელ მწერალზე, მაგრამ 2014 წლიდან კონკურსის პოლიტიკა შეიცვალა და ნებისმიერი ეროვნების ავტორს შეუძლია კონკურსში მონაწილეობა, მთავარია ნაწარმოები იყოს ინგლისურენოვანი.

ჟიურიმ, რომელიც მწერლებისა და ლიტერატურის კრიტიკოსებისგან შედგება, წელს 150-მდე რომანი წაიკითხა. მოკლე სია 13 სექტემბერს გამოქვეყნდება, ხოლო გამარჯვებული 2017 წლის ოქტომბერში გამოვლინდება. პრიზი, გარდა მსოფლიო აღიარებისა, 50 000 ევროს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი