ევროპასთან უვიზო რეჟიმის თაობაზე გავრცელებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით შენგენის ზონაში საქართველოს 54 929 მოქალაქემ იმოგზაურა და უკან მხოლოდ დაახლოებით 3000 ადამიანი არ დაბრუნდა, მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება, რომლებმაც შენგენის ზონაში გასამგზავრებლად პირდაპირი ავიარეისებით ისარგელეს, როგორც ქვეყნიდან გასვლის, ასევე შემოსვლის თვალსაზრისით.
უვიზო რეჟიმის სტატისტიკა ნეტგაზეთმა შსს-დან მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოითხოვა და ეს მონაცემები მიიღო:
2017 წლის 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით შენგენის ზონაში
1. შენგენის ზონის წევრი ქვეყნების მიმართულებით გაემგზავრა საქართველოს 54929 მოქალაქე;
2. შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს 166 მოქალაქეს;
3. შენგენის ზონის წევრი ქვეყნებიდან უვიზო რეჟიმის პერიოდის (90 დღე) ამოწურვის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა 3132 საქართვლოს მოქალაქე.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული მონაცემები შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც შენგენის ზონაში გასამგზავრებლად ისარგებლეს პირდაპირი ავიარეისებით (გასვლა/შემოსვლა).
საქართველოდან ევროპაში პირდაპირი ავიარეისებითაც დაფრინავენ და არაპირდაპირითად, მაგალითად, სტამბულის ან კიევის გავლით, ეს მოგზაურები ამ სტატისტიკაში ვერ მოხვდნენ. თუ მხოლოდ პირდაპირი რეისების თაობაზე გვაქვს მონაცემები, რამდენად იძლევა ეს სტატისტიკა რელაური სურათის დანახვის საშუალებას? ამ კითხვების დასმა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებთან ვცადეთ, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.
[red_box]არგუმენტი იმისა, რომ შესაძლოა 55 ათასიდან სინამდვილეში 3000-ზე მეტი დამრჩენი იყოს [/red_box]
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. თუ მარტივად ვიანგარიშებთ, რომ ქვეყნიდან ევროპაში 55 ათასი ადამიანი გავიდა და უკან 3000 არ დაბრუნდა, გამოდის, რომ შენგენის ზონაში ამ დროისთვის არსებული მონაცმებით სულ 5% დარჩა, რაც არცთუ ისე ცუდი შედეგია, თუ გავითვალისინებთ იმ ფაქტს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე მოლდოვაში ანალოგიური მაჩვენებელი 10% იყო.
თუმცა აქ ჩნდება კითხვა: რამდენად სწორია ეს ანგარიში? შსს-ს ოფიციალური პასუხით ირკვევა, რომ 55 ათასი ადამიანი 28 მარტიდან 19 ივლისამდე დროის პერიოდში გავიდა. შესაბამისად, მათ ნაწილს ევროპაში კანონიერად ყოფნის 90 დღიდან გარკვეული პერიოდი სავარაუდოდ ჯერ კიდევ წინ აქვს და ჯერ არავინ იცის, რას მოიმოქმედებს მათი ნაწილი. შსს-ს სტატისტიკაში საუბარია მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც ევროპაში კანონიერად ყოფნის 90-დღიანი ვადა გაუვიდა და უკან არ დაბრუნდა.
“ჩემი აზრით, [უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან] მინიმუმ მეექვსე თვის მონაცემები იქნება საინტერესო, ანუ სადაღაც სექტემებრში რომ ვნახოთ, [ამ 55 ათასიდან] ვინ დაარღვია, ეს უფრო მრავალისმთქემლი იქნება”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს სწავლობს.
[red_box]არგუმენტი იმისა, რომ შესაძლოა სინამდვილეში 3000-ზე ნაკლები იყოს დამრჩენი [/red_box]
ვანო ჩხიკვაძე სხვა დაკვირვებებსაც გვიზიარებს. მისი თქმით, შესაძლოა იმ 3000 ადამიანს შორის, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე არ დაბრუნებულან, იყვნენ ისეთები, ვისაც ევროპის რომელიმე ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა აქვთ, უვიზო რეჟიმით ისარგებლეს და ევროპაში კანონიერად დარჩნენ.
“გასვლის დროს მესაზღვრე კითხულობს, სად მიემგზავრება [მგზავრი] და პასპორტს ხედავს მხოლოდ, ცხოვრების ნებართვის დამადასტურებელ დოკუმენტს ის არ უყურებს, ხომ? ეს არის ის ერთი კატეგორია, ვინც ჩემი დაკვირვებით მანდ ვერ მოხვდებოდა”, – ამბობს ჩხიკვაძე.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული 3000 ადამიანიდან ევროპაში ყველა არალეგალი მიგრანტი შესაძლოა არ იყოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა თქვა IPN-თან.
“ამ მოქალაქეების ნაწილი [შესაძლოა] ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს. „შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი – ბელორუსში, ზოგი – თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.