უსუფაშვილმა შესაბამისი განცხადება გუშინ, 17 აპრილს პრაღაში, რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტევიუში გააკეთა.


“მე განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში ყოფნის დროს ძალიან ხშირად მიწევს იმის თქმა, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ყოფილი მმართველი ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. რაც არ უნდა გამიბრაზდნენ ქართველი მსმენელები, რომლებიც თვლიან, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გადასარჩენი კი არა, გასასამართლებელი და ასაკრძალია, მე  ამას კიდევ ვიმეორებ და ყველას ვურჩევ, რომ კარგად დავუკვირდეთ, რაზეა საუბარი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კოლექტიურად დამნაშავე პოლიტიკური ძალაა ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის გამო, ძალიან შორს წაგვიყვანს.


“ჩვენ თუ ასე შორს წავედით, მაშინ ჯობია ჯერ კომუნისტური პარტიით დვიწყოთ, შემდეგ მივაყოლოთ მრგვალი მაგიდა, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, “აღორძინება”, ნაციონალური მოძრაობა და ყველა ერთად ავკრძალოთ, გავაუქმოთ და ასე შემდეგ. რადგანაც ჩვენ ეს არ გვიქნია კომუნისტური პარტიის მიმართ, მაშინ არც ნაციონალური მოძრაობის მიმართ იქნებოდა სწორი. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, მაგრამ ამ განსაცდელს, შიდა გაუგებრობებს და შეჯახებებს რამდენად გაუძლებს ნაციონალური მოძრაობა და არ გადაყვება, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. მე ვისურვებ, რომ მისი შედარებით ჯანსაღი ნაწილი ამ პროცესიდან უვნებელი გამოვიდეს და მათ ისევ პოლიტიკურ ბრძოლაში დავამარცხებთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმდჯომარისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს მის თანაკოალიციელ დეპუტატ კობა დავითაშვილს, რომელიც ამბობს, რომ იგი ნაციონალური მოძრაობის ჯანსაღ ნაწილს არ იცნობს:


“მე ნაციონალური მოძრაობის ჯანსაღ ნაწილს არ ვიცნობ, შესაბამისად, ეს ამოცანა დაუძლეველია”, – ამბობს დავითაშვილი და დასძენს, რომ ნაციონლაური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ველიდან საერთოდ გაქრება. კითხვაზე, თუ როგორი წარმოუდგენია მას ოპოზიციური პარტიის გაქრობის პროცესი და მიიღებს თუ არა ამ საქმეში რაიმე ფორმით მონაწილეობას მმართველი გუნდი, დეპუტატი აცხადებს, რომ ნაცმოძრაობა თავისით გაქრება.


“ეს თავისით მოხდება. ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს, დემოკრატია ხალხის მმართველობაა”, – განაცხადა მან.


დავითაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის საკითხზე არსებული განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ის და დავით უსუფაშვილი მაინც თანაგუნდელებად რჩებიან და ცალკეულ საკითხებზე არსებული განსხვავებული მოსაზრებები ხელს არ უშლით საერთო საქმის კეთებაში.


“ბატონი დავითი [უსუფაშვილი] განეკუთვნება ჩვენი კოალიციის ზომიერ ფრთას, ხოლო მე – რადიკალურს. ჩვენს შორის არის სხვობა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის ერთად ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ საერთო საქმისთვის.”


უსუფაშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს, ეთანხმება პარლამენტის ვიცე–სპიკერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი მანანა კობახიძე. იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ნებისმიერ დემოკრტიულ ქვეყნაში პოლიტიკურ პარტიას არსებობის და ფუნქციონირების უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად იწვევენ მისი ცალკეული წევრები საზოგადოებაში სიმპათიას ან ანტიპათიას.


“მიდგომა, რომ პარტიას არსებობის საშუალება არ მივცეთ, ევროპული დემოკრატიული სტანდარტის დამახასიათებელი ნიშანი არ არის. მე, სიმართლე გითხრათ, ამ პარტიის წევრების მიმართ შეიძლება ძალინ დიდი ანტიპათია მქონდეს და მათი საქმიანობა და ხედვები არ მომწონდეს, მაგრამ თუ ვინმეს [მათი მხრიდან] პასუხისგებაზე იქნება ლაპარაკი, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მომხრე ვიქნები. ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა ინდივიდამდე მიდის”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მმართველი პარტია დემოკრატიული ფორმებით უნდა ებრძოლოს ნაცმოძრაობას.

 

“საზოგადოებას მოსწონს თუ არ მოსწონს, ესაა რელობა. კოჰაბიტაცია მე პირადად მომწონს თუ არ მომწონს, ან მინდა თუ არ მინდა, ამაში არ არის საქმე. ეს არის რეალობა, ამ რეალობაში ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ. ვიღაცას შეიძლება ვინმე აღიზიანებდეს, მაგრამ იმ ადამიანს პოლიტიკაში ყოფნას ვერ ავუკრძალავთ. ჩვენს გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრობა უნდა აიკრძალოს, რომ უნდა გასამართლდეს რეჟიმი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ინდივიდებამდეა საქმე დასული”, – განაცხადა ვიცე–სპიკერმა.


იგი ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მომავალში შეიძლება თავისითაც დაიშალოს ისე, როგორც მოქალაქეთა კავშირი. კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში პირადად მისი მიზანი ნამდვილად არ იქნება ის, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენაზე დრო და ძალისხმევა დახარჯოს.

 

“სადაც მათ აქვთ დარღვევები, უნდა გავაშიშვლოთ დ საზოგადოებს ვაჩვენოთ მათი რეალური სახე. ნაციონალური მოძრაობისთვის სახის შენარჩუნება ჩემი ამოცანა ნამდვილად არ არის”, – აღნიშნა მან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *