ახალი ამბები

ადვოკატი: ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაკითხვის საჭიროებას ვერ ვხედავთ

27 ივლისი, 2017 • 1987
ადვოკატი: ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაკითხვის საჭიროებას ვერ ვხედავთ

ე.წ. “ციანიდის საქმეზე” ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე ვერ ხედავს ამ საქმეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს დაკითხვის საჭიროებას:

“არა, არანაირად. ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს და ჩვენ ნამდვილად ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავთ.”

რამიშვილი ამბობს, რომ უკვე დაკითხულმა მაღალი რანგის სასულიერო პირებმა გასცეს იმ კითხვებზე პასუხი, რაც მათ აინტერესებდათ, და მათი პასუხებიდან გამოიკვეთა, რომ ბრალდების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დეკანოზის კარიერულ წინსვლას ხელს უშლიდა და სწორედ ამიტომ განიზრახა მამალაძემ მისი მოკვლა, არ მართლდება.

“მაღალი სასულიერო წოდების მქონე პირებმა სრულიად დეტალურად გასცეს ამ კითხვებს პასუხი და განაცხადეს, რომ ეს გამორიცხული იყო, რომ საერო პირი რომელიმე სასულიერო პირის ცხოვრებაში ერეოდეს და ხელს უშლიდეს მის კარიერულ წინსვლას. ეს მათ ცალსახად დაადასტურეს,” – აცხადებს ადვოკატი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი ხვალ, 28 ივლისს, 11:00 საათზე კვლავ ბრალდების მოწმეების დაკითხვითა და წერილობითი მტკიცებულებების განხილვით განახლდება.


დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ედება პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

გამოძიების ცნობით, დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიემგზავრებოდა. გამოძების ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი მისი ბარგიდან ამოიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი