ახალი ამბები

პრემიერი: შემოდგომაზე საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

27 ივლისი, 2017 • 1393
პრემიერი: შემოდგომაზე საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.

„დღევანდელ მსოფლიოში ბატონი ნეთანიაჰუ გახლავთ ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და მისი ჩამოსვლა ბიზნესდელეგაციასთან ერთად, ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. დაპატიჟება იქნა მიღებული და ჩვენ უნდა ველოდოთ ამ ვიზიტს, რომელიც, ვფიქრობთ, სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გამოცდილება, რომელიც აქვს ისრაელს, გამოსაყენებელია.

„ისრაელმა, რომელსაც გააჩნია ძალიან მსგავსი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო აეშენებინა ნამდვილად ძლიერი სახელმწიფო. ვფიქრობთ, გამოცდილება, რომელიც არსებობს, გამოსაყენებელია აუცილებლად. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების, ინოვაციების განვითარების კუთხით. თითოეული ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტით 24-25 ივლისს იმყოფებოდა. ვიზიტის დროს კვირიკაშვილი შეხვდა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ასევე, შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს, ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინს და ქნესეთის ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგს.  პრემიერი შეხვდა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-ს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი