გოგა ხაჩიძის მტკიცებით, უმრავლესობის ბრალდება აბსურდულია:

 

“თბილისიდან პრეზიდენტთან ერთად დელეგაცია გავფრინდით ავღანეთში ახალი წლის ღამეს, ბრიტანულ ბაზაზე დავესწარით დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენების პროცესს, ამის შემდეგ ამ ბაზიდან ჩვენ გავფრინდით ქართულ ბაზა “შუკვანზე”, ახალი წლის ღამეს შევხვდით ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, ჩავუტანეთ მას ტრადიციული ქართული სანოვაგე, სხვადასხვა საჩუქრები, შევხვდით ერთად ახალ წელს, მივულოცეთ ერთმანეთს. გამთენიისას ისევ იგივე მარშუტით დავბრუნდით დუბაიში, იქ დავბინავდით სასტუმროში. საღამოთი გვქონდა რეისი, პრეზიდენტი სხვაგან აგრძელებდა ვიზიტს, მთელი დელეგაცია დავრჩით სასტუმროში და საღამოთი ჩვეულებრივი რეისით დავბრუნდით თბილისში.”

 

მისივე თქმით, ძალიან ამაყობს, რომ ახალ წელს ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა:

 

“მე დღემდე მართლა მეგონა და ამით ძალიან ვამაყობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ახალი წლის ღამეს შევხვდი ქართულ ბაზა “შუკვანზე” ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად. დღეს გავარკვიე, რომ ახალ წელს შევხვდი დუბაიში. ერთი დეტალი გამომრჩა, საღამოთი დუბაიში ვივახშმეთ, მართლა, პრეზიდენტთან ერთად და შემდეგ წამოვედით თბილისში. ეს არის ჩემი დუბაის ახალი წელი. არ ვიცი ახლა, ბატონმა საგანელიძემ იაროს მაგ სიმართლით.  რატომ ამბობს  ეს ხალხი, რომ დუბაიში შევხვდი ახალ წელს, როცა დუბაიში მეძინა და გამოვფრინდით უკან ყველა ერთად, მართლა გაუგებარია და უხერხულია. 19 აპრილს ველოდებით, ვისაც არ სჯერა ამ სისულელის.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გრიფით საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვეს.

 

დოკუმენტების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ 2013 წლის იანვარში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და სხვა პირების ვიზიტი დუბაიში 236 093 ლარი დაჯდა.

სასტუმროში SOFITEL – Laxury hotels , 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლის იმყოფებოდნენ: ალანა გაგლოევა, მარიამ საჯაია, ვახტანგ ლემონჯავა, გიორგი(გოგა) ხაჩიძე, გიორგი კარბელაშვილი, დავით საყვარელიძე, გიორგი ღვინიაშვილი, კობა ხაბაზი, ნუგზარ წიკლაური, კახა ბუცხრიკიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ტარიელ ლონდარიძე, სერგო რატიანი და დავით დარჩიაშვილი, თითოეული მათგანის სახელზე გამოწერილია ინვოისი 3726.54 ლარის ოდენობით. ამავე სასტუმროში 31 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით დოკუმენტების მიხედვით ასევე იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები და  სასტუმროში თითოეული მათგანის ყოფნის ღირებულება 7463.42 ლარს შეადგენს.

 

ხოლო სასტუმროში One and Only – Royal Mirage, Dubai, 4 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდნენ გიორგი ალასანია, პაატა ლეჟავა, აზერ სულეიმანოვი, სამირა ისმაილოვა. მათი სასტუმროს ხარჯების ჯამური რაოდენობაა 13 341.76 ლარი.


ეკიპაჟის წევრებისა და სხვა სტუმრების სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს ემატება კვებისა და სამორიგეო ოთახის დაქირავების, ასევე ავტოტრანსპორტის ხარჯები, რამაც საერთო ჯამში 236 093 ლარი შეადგინა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *