ნეტგაზეთი | თბილისში სახლის დემონტაჟისას 1 მუშა გარდაიცვალა და 4 დაშავდა თბილისში სახლის დემონტაჟისას 1 მუშა გარდაიცვალა და 4 დაშავდა – Netgazeti

თბილისში სახლის დემონტაჟისას 1 მუშა გარდაიცვალა და 4 დაშავდა

დღეს დილით თბილისში, წერეთლის #37/35-ში სახლის დემონტაჟის დროს 5 მუშა ნანგრევებში მოჰყვა. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, 1 მუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 3 მათგანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ერთი შედარებით მძიმედაა დაშავებული. სასწრაფოს ცნობით, ერთმა მუშამ უარი თქვა ჰოსპოტალიზაციაზე.

დიდუბის გამგებლის ცნობით, დემონტაჟს აწარმოებდა სამშენებლო კომპანია “როიალ გრუპი”, რომელიც უსაფეთხოების პირობების დაცვის აუცილებლობის შესახებ ბოლოს ორშაბათს გააფრთხილა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. პროექტის თანახმად, “როიალ გრუპი” ამ ადგილას 33-სართულიანი ცათამბრჯენის “დიდუბე თაუერის” აშენებას გეგმავს. კომპანიაში ამ დრომდე არ პასუხობენ ზარებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება  ჯერჯერობით არ აქვთ.

ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი მუშის, 32 წლის ნუკრი სალიას ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი ორსული მეუღლე.

შსს-ს ინფორმაციით, მათ უკვე დაიწყეს მომხდარზე გამოძიება. საქმე სსსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი