ახალი ამბები

ბესელია “ნაციონალებზე”: შიდა დაპირისპირება ყოველთვის იყო ამ გუნდში

16 აპრილი, 2013 • • 1013
ბესელია “ნაციონალებზე”: შიდა დაპირისპირება ყოველთვის იყო ამ გუნდში

ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” შიდა ომში ჩარევას არ აპირებს:

„მე ყოველთვის მქონდა განცდა, რომ იყო მითი, როდესაც საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მონოლითური გუნდია. შიდა დაპირისპირება ყოველთვის იყო ამ გუნდში, ეს უბრალოდ ხელოვნურად არ ჩანდა. ალბათ, როდესაც დგება კრიტიკული მომენტი და ეს კრიტიკული მომენტი არის არჩევნებში დამარცხება, ბევრი რაიმე უკვე სააშკარაოზე გამოდის.”

 

ბესელია მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე გამოძიება უნდა დაიწყოს:

 

“ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის ორგანიზატორი, ამის გარკვევა განცხადებების ომითა და კომენტარებით რთული იქნება. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული გამოძიების საგანი, თუ ვინ რა დოზით მონაწილეობდა დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ. ჩვენ, ბუნებრივია, ამ კუთხით უფრო დავინტერესდებით, რომ გამოვიძიოთ ყველა დანაშაული, მით უფრო, რომ საქმე ეხება მაღალი რანგის თანანმდებობის პირებს.“

 

შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიამ ფეისბუქით გაავრცელა წერილი, სადაც ახალაია ვანო მერაბიშვილს ლაფანყურის სპეცოპერაციისა და პატიმრების წამების კადრების ავტორად ასახელებს. თავის მხრივ ვანო მერაბიშვილმა საპასუხო წერილს განაცხადა, რომ  ბრალდებები  ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას წარმოადგენს. პარლამენტში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები მედიასთან ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენნ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი