ახალი ამბები

კვირიკაშვილმა ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია

24 ივლისი, 2017 • 1615
კვირიკაშვილმა ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიემინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

კვირიკაშვილმა ნეთანიანჰუ საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის და სამომავლო თანამშრომლობისათვის საინტერესო პერსპექტივები არსებობს.

კვირიკაშვილის თქმით, “ქართული მხარე ძალიან მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ამ განსაკუთრებულ ქვეყანასთან”.

“სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს. ქართული მხარე განუხრელად მიჰყვება ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა თქვენ თავად იხილოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ ის დამოკიდებულება და სენტიმენტები, რომლებიც ქართველებს გააჩნიათ ებრაელი ხალხის მიმართ.” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიემინ ნეთანიაჰუმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დღეს რეგიონი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება და “ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა” არის საჭირო:

“მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება – აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს. ვგეგმავთ, გავზარდოთ არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სხვა ისეთი სფეროების ფარგლებში, რომლებიც მოსახლეობას უკეთეს და უფრო უსაფრთხო ცხოვრების პირობებს შეუქმნის. საქართველოში ვიზიტის შემდეგ მე მოსახლეობის ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული დავრჩი. ჩვენ მსოფლიოს რთულ წერტილებში გვიწევს მუშაობა, თუმცა ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით. მიმაჩნია, რომ ჩვენს ერებს თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლიათ,” – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი