ახალი ამბებიკომენტარი

თეოლოგი: სეკულარიზმზე პრემიერის განცხადება ფაშისტების და ექსტრემისტების წახალისებაა

24 ივლისი, 2017 • 12622
თეოლოგი: სეკულარიზმზე პრემიერის განცხადება ფაშისტების და ექსტრემისტების წახალისებაა

“როგორც წინა ხელისუფლებების შემთხვევაში, აქაც სახეზეა რელიგიური ლიდერის გაფეტიშება და ეკლესიის ფინანსებით, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ძალაუფლებით აღჭურვის პროცესი. ეს  ნამდვილად საფრთხეა ისეთი ახალბედა დემოკრატიული ჩანასახასითვის, როგორიც საქართველოში არსებობს”, – ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი სოფელ სნოში პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე, 34-ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმროს გახსნას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში კლასიკური გაგებით სეკულარიზმი უადგილოა:

“მოდით, დავიწყოთ ახსნით, რას შეიძლება ნიშნავდეს კლასიკური სეკულარიზმი პრემიერისათვის? ჩვენთვის ცნობილი, ქვეყნის სეკულარული მოწყობის ოთხი შესაძლო ვარიანტიდან, იგი ალბათ ე.წ. ლაიციზმს გულისხმობს, როდესაც სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუციები ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ქსოვილებში სრულიად განცალკევებულად არიან წარმოდგენილნი. ლაიციზმის სამშობლო და მისი კლასიკური მაგალითი საფრანგეთია. თუმცა ემიგრაციის ნაკადმა და მსოფლიოში გააქტიურებულმა რელიგიურმა საზრისებმა იქაც კი შეცვალა რეალობა. სეკულარიზმი რაიმე ეპოქალური მოვლენის შედეგად იბადება, ევროპაში მას რეფორმაციამ და განმანათლებლობამ დაუდო სათავე. ანუ ჯერ დაძლიეს რელიგიური შიშები, სოციალური გარემო თვითმყოფადი გახადეს, პოლიტიკური ლეგიტიმაციის დემოკრატიული მექანიზმები შექმნეს, მიაღწიეს საგანამნათლებლო კერების დამოუკიდებლობას და შემდეგ გამიჯნეს რელიგია პოლიტიკური ძალაუფლების პირდაპირი გამოყენებისაგან. დღევანდელი წარმოდგენები დემოკრატიაზე ამგვარი თვისებების მქონე ქვეყანას თავისთავად გულისხმობს”, – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

მირიან გამრეკელაშვილი © რადიო თავისუფლება

მირიან გამრეკელაშვილი © რადიო თავისუფლება

თეოლოგის თქმით, “საქართველოში, სადაც უბრალო ადამიანები მართლაც უფლის ანაბრად არიან მიტოვებული, სადაც ასეთი სიდუხჭირე და უიმედობაა, თვისობრივი სეკულარიზმი თავისთავად ვერ დაიბადება”.

“ანუ საჭიროა ის, რომ სწორედ პოლიტიკური კლასი იყოს აქეთკენ მიდრეკილი.  ამ განცხადებით კი პრემიერი აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არათუ ეს განზრახვა აქვს, არამედ პირიქით, სეკულარული [პრინციპი] მისთვის მიუღებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ტიპის რელიგიური მოწყობის მოდელის განხორციელებაა ჩაფიქრებული. საერთოდ, როგორც წინა ხელისუფლებების შემთხვევაში, აქაც სახეზეა რელიგიური ლიდერის გაფეტიშება და ეკლესიის ფინანსებით, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ძალაუფლებით აღჭურვა. ეს კი ნამდვილად საფრთხეა ისეთი ახალბედა დემოკრატიული ჩანასახასითვის, როგორიც საქართველოში არსებობს”, – ამბობს თეოლოგი და აგრძელებს, რომ ამას ემატება მეორე სახის საფრთხე, რომელიც მიმართულია არადომინანტი [რელიგიური] ჯგუფების წარმომადგენლებისა და ემიგრანტების შევიწროებისაკენ.

“სნოში შეხვედრის წინ ე.წ. ქართველთა მარშის მოთავეების პატრიარქთან შეხვედრის ფოტოები ვრცელდებოდა. ეს კი უბრალო ადამიანებში ამ ანტიდემოკრატიული და ანტიქრისტიანული მიმდინარეობის დიდ ლეგიტიმაციას უწყობს ხელს. ფაშიზმი და რეპრესიული სისტემა შეიძლება ძალიან უცბად იშვას, ამიტომაც დიდი სიფრთხილეა საჭირო მსგავსი განცხადებების დროს”.

“პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში იქმნება უნიკალური მოდელი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? თავის დროზე ნეოკოლონიალურ მდგომარეობაში მყოფი ირანის მოსახლეობა აჯანყდა და [სახელმწიფოს] მოწყობის [სისტემის] შეცვლა მოისურვა. კომუნიზმი არ სურდათ საბჭოთა სამყაროს გამო, ვერც კომერციული ლიბერალიზმის მოდელს აირჩევდნენ, რადგან ეკონომოკური ექსპლოატაციის საფრთხე კვლავაც იქნებოდა. სწორედ ამ დროს მესამე გზად რელიგიური მოწყობა ანუ თეოკრატია დასახეს. კარგია ეს თუ ცუდია, ვერ გეტყვით. პირადად მე არ მსურს თეოკრატიაში ცხოვრება.

პრემიერის განცხადებები  ქართველი ფაშისტებისა და რელიგიური ექსტრემისტების პირდაპირი წახალისებაა. არჩვენების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება”, – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი