ახალი ამბები

გირჩი პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს

24 ივლისი, 2017 • 2362
გირჩი პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს

გირჩი პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა ნათია კალაძემ განაცხადა, ისინი ახლო მომავალში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტსაც მიმართავენ.

როგორც ნათია კალაძე აცხადებს, მიზანი სექსმუშაკების დაცვაა.

“გირჩი მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს, ერთად დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ადამიანებს, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ვცეთ პატივი თავისუფლებას. ვაღიაროთ, რომ სიყვარულის გამყიდველი არის ისეთივე მშრომელი და პატიოსანი ადამიანი, როგორც, მაგალითად, პედაგოგი.

ჩვენ, ყველა, უკვე წლებია ვართ მომსწრენი და მონაწილენი სექსმუშაკებზე ძალადობის და მათი ჩაგვრის. ხელისუფლება პერიოდულად აქტიურდება სექსინდუსტრიის წინააღმდეგ. აკავებს ადამიანებს, ხურავს დაწესებულებებს, სხვადასხვა გზით თუ საშუალებებით ძალადობს სექსმუშაკებზე. მაგრამ არ უნდა იმის აღიარება, რომ ამ ინდუსტრიასთან ბრძოლის ერთადერთი გზა მისი ლეგალიზებაა.

სირცხვილია, რომ დღეს საქართველოში ეს ინდუსტრია არ არის სრულად ლეგალური, რადგან ამის შედეგად ვღებულობთ სექსმუშაკების სრულ დაუცველობას და მათზე ძალადობას, ქუჩაში მყოფი არასრულწლოვნების იძულებით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩართვას, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცლებას, ტრეფიკინგს და ათას სხვა რამეს, რაც ჩვენი საზოგადოების აღშფოთებას უნდა იწვევდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თან სარგებლოს სექსუალური მომსახურებით  და იგივე ადამიანები სხვებთან ერთად აღშფოთებული არიან სექსუალური მომსახურების არსებობით და არ ფიქრობენ იმ შედეგებზე, რაც ამ სფეროს არალეგალიზებული საქმიანობის შედეგად ვღებულობთ”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, “უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის სხეული ადამიანის საკუთრებაა და, შესაბამისად, მას აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სხეული ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ, თუ ამით სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს”.

პროსტიტუციაში ჩართული ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იმუშაონ სექსმუშაკებად მათი დამოუკიდებლი და გააზრებული არჩევანია, თუმცა შეიძლება მათთვის არასასურველი გადაწყვეტილებაა და განპირობებულია მრავალი მიზეზით. რატომ არ გვადარდებს, რომ ისინი მუდმივად ძალადობის მსხვერპლი არიან, როგორც ფიზიკური, ისე მორალური, რატომ არ ვფიქრობთ, რომ ჰყავთ შვილები, მშობლები და ადამიანები, რომლებიც მათზე ზრუნავენ და ნერვიულობენ.

შესაძლებელია, რომ საზოგადოების ნაწილიში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებთან და სტერეოტიპებთან რაღაცა ქმედება არ მოდიოდეს შესაბამისობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება უნდა იყოს დაგმობილი ან კანონით დასჯადი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში პროსტიტუცია უნდა იყოს სრულად ლაგელური და ამ საქმიანობის არც ერთი კომპონენტი არ უნდა ისჯებოდეს არც სისხლის და არც ადმინისტრაციული სამართლის წესით.

ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მკვლელებს, მოძალადეებს, ქურდებს და არა სექსმუშაკებს”, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი