ახალი ამბები

მერიის შეთავაზება დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით და “ქართული მარშის” უარი

23 ივლისი, 2017 •
მერიის შეთავაზება დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით და “ქართული მარშის” უარი

თბილისის მერია ქსენოფობიური მოძრაობის “ქართული მარშის” წარმომადგენლებს სთავაზობს შეცვალონ დღეს დაგეგმილი აქციის ან ადგილი ან დრო, თუმცა ისინი მერიის შეთავაებაზე თანახმა არ არიან:

“იქიდან გამომდინარე, რომ ერთდროულად იყო ორი აქცია დანიშნული, მეორე აქციის [ქართული მარში] ორგანიზტორებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ჩვენ ვაცნობეთ, რომ ამ დროს, ამ ადგილას ზუსტად, იყო აქცია დანიშნული, ყველას აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იმავე დროსა და ადგილას უკვე დანიშნული იყო აქცია და ან დრო შეეცვალათ, ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია”,- განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქსენოფობიური მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მათ ოფიციალური წერილი არ მისვლიათ და ამ შეთავაზების შესახებ მხოლოდ მედიიდან იციან, თუმცა არც აქციის ლოკაციის და არც დროის შეცვლას არ გეგმავენ:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მერიას არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია იმისა, რომ ჩვენ აგვიკრძალოს აქციის ჩატარება”,- განაცხადა ბრეგაძემ “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას.

23 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე “ევროპულ საქართველოს” უკვე რამდენიმე დღეა დაანონსებული აქვს აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში”, რომლის მიზანია რამდენიმე დღის წინ თბილისში ე.წ. ქართული მარშის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების დაგმობა. ამის საპასუხოდ 20 ივლისს ე.წ. ქართული მარშის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინიც გამართავენ იმავე ადგილზე კონტრაქციას. მარშის მონაწილეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რკინიგზელთა სახლთან.

ე.წ. ქართულმა მარშმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს ქსენოფობიური მსველობა გამართა, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ საქართველო დატოვონ არალეგალურმა მიგრანტებმა უცხო ქვეყნებიდან. აქციის ორგანიზატორები მიმართავდნენ ქსენოფობიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მათი რამდენიმე წევრი, მათ შორის გია კორკოტაშვილი, რამდენიმე დღის წინ პოლიციაში გამოკითხეს, ვინაიდან ფეისბუკში გაუპატიურებით დაემუქრნენ თათია დოლიძეს, რომელმაც ისინი ასევე ფეისბუკში გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვეს გაუპატიურების მუქარის შემცველი განცხადებების ავტორების დასჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი