ახალი ამბები

საქართველო ტუნისს შეუზღუდავ სამგზავრო და სატვირთო ფრენებზე შეუთანხმდა

21 ივლისი, 2017 • 2270
საქართველო ტუნისს შეუზღუდავ სამგზავრო და სატვირთო ფრენებზე შეუთანხმდა

დღეს, 21 ივლისს, საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შედეგად, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და ტუნისის ავიაკომპანიებს საშუალება მიეცათ, მხარეთა ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის შეასრულონ რეგულარული და ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო ფრენები ნებისმიერი სიხშირით, შეზღუდვების გარეშე.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ტუნისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორი ქვეყნის ავიაკომპანიებისათვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შემუშავება.

“გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი", რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, საქართველოსა და ტუნისის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მხარეთა ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის შეასრულონ რეგულარული და ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო ფრენები ნებისმიერი სიხშირით, შეზღუდვების გარეშე,” – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ტუნისის მხრიდან შეხვედრას ავიაკომპანიები “Nouvelair” და “Tunisair” ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მრხიდან ავიაკომპანიებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მოთხოვნებზე და თანმდევ პროცედურებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი