ახალი ამბები

“ამერიკის სავაჭრო პალატა” შრომის კოდექსში რამდენიმე პუნქტის სასწრაფოდ შეცვლას ითხოვს

15 აპრილი, 2013 • 1299
“ამერიკის სავაჭრო პალატა” შრომის კოდექსში რამდენიმე პუნქტის სასწრაფოდ შეცვლას ითხოვს

– კომპანიებს უნდა შეეძლოთ ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ეს ხელს უწყობს სტაბილურ დასაქმებას, უკეთეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ დაგეგმვას კომპანიებისთვის;

 

– კომპანიებს ეკრძალებათ შრომით ხელშეკრულებაში ჩადონ ურთიერთშეთანხმებული პირობა, რომელიც აუკრძალავდა დასაქმებულს, გამოეყენებინა კონფიდენციალური ცოდნა და ინფორმაცია მიღებულ სამუშაო ადგილზე სამუშაოს დატოვებიდან გარკვეული დროის განმავლობაში და ასევე აუკრძალავდა სენსიტიური ინფორმაციის მიწოდებას დამსაქმებლის კონკურენტებისთვის(აღნიშნული წარმოადგენს სტანდარტულ დებულებას ევროპულ და ამერიკულ შრომით ხელშეკრულებებში და საქართველო შექმნის შემაკავებელ გარემოებას უცხოური ინვესტიციებისთვის და დიდ სირთულეს შეუქმნის ადგილობრივ დამსაქმებლებს, თუ ასეთ სტანდარტულ სახელშეკრულებო დათქმას უკანონოდ აქცევს);

 

– კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლებში სამუშაოს და მოქნილ სამუშაო გრაფიკს. ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაო (დაცვის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, საწარმოები, საჰაერო კონტროლი და ა.შ.) მოითხოვს მოქნილ სამუშაო დროს კვირის განმავლობაში. ზოგიერთ სამუშაოზე ერთი კვირა შესაძლებელია სამუშაო დრო 40 საათზე მეტიც იყოს, ხოლო შემდეგი კვირა- 40 საათზე ნაკლები. ზოგიერთ კომპანიას აქვს 2 კვირა სამუშაო და შემდეგი ორი კვირა დასვენება და დასაქმებულებისთვის ასეთი გრაფიკი მისაღები და სასურველია. კანონმდებლობით შესაძლებელი უნდა იყოს, რომ მხარეთა შეთანხმებით კვირის სამუშაო დრო განისაზღვროს 40 საათზე მეტით და ეს კომპენსირდებოდეს შესაბამისი დასვენების დროით;

 

– 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობისას ნებისმიერი კომპანია ვალდებულია წერილობით გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება. ეს არარეალურია. მცირე და საშუალო კომპანიებს დააწვებათ დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური ხარჯი იმისთვის, რომ ხელშეკრულება გაუფორმონ ყველა დასაქმებულს, ვისაც 3 თვეზე მეტი ვადით აიყვანენ სამუშაოდ.

 

“ზემოთ მოყვანილი დებულებები იმაზე მეტად შემზღუდავია, ვიდრე ეს არის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სადაც მშრომელთა უფლებები, მათ შორის პროფკავშირების უფლებები, არის ბევრად უფრო ინსტიტუციური და აღიარებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოში და ეკონომიკაც ბევრად უფრო განვითარებულია. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნულ პუნქტებზე არ მოხდება რეაგირება, კანონპროექტი იქონიებს საპირისპირო ეფექტს იმისგან განსხვავებით, რაც წარმოადგენს მის მიზანს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.

 

აღნიშნულ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლებს არ ექნებათ თანამშრომლების ერთი წლით (განსაზღვრული ვადით) დაქირავების შესაძლებლობა, ისინი ამ რისკს უპასუხებენ არსებული თანამშრომლების შემცირებით და ბევრად კონსერვატიულად მოეკიდებიან ახალი თანამშრომლების დაქირავებას მომავალში.

 

“ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს მსოფლიოში, ასე რომ, მუდმივი ხელშეკრულებების სისტემაზე გადასვლა იქნება რადიკალური გადახვევა გავრცელებული ბიზნესპრაქტიკიდან და საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, უმუშევრობა გაიზრდება, რაც უკანასნელია, რაც რომელიმე ჩვენგანს სურს. რაც შეეხებათ დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ მოქნილი გრაფიკით ცვლებში, მათ შეუმცირდებათ სამუშაო დრო (და შესაბამისად დაკარგავენ შემოსავალს), ან ხელფასი შეუმცირდებათ იმ რაოდენობით, რომ ანაზღაურდეს მათთვის ზეგანაკვეთურად გადასახადი თანხა, რომლის გადახდაც დამსაქმებელს მოუწევს კვირაში 40 საათის ზევით. გაიზრდება რისკი გაუფორმებელი და, შესაბამისად, დაუბეგრავი დასაქმებულების არსებობისა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოსავლო გადასახადი ერთ-ერთი უმთავრესი შემოსავალია ქვეყნის ბიუჯეტში, ასეთი რისკი ფრთხილად უნდა შეფასდეს პარლამენტის და გადასახადის მომგროვებელი ორგანოს მიერ”.

 

შრომის კოდექში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს შეშფოთება გამოთქვა საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC-საქართველო). შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს მეორე მოსმენით.

მასალების გადაბეჭდვის წესი