ახალი ამბები

ICC-საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების გამო

15 აპრილი, 2013 • 1479
ICC-საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს შრომის კოდექსში  შესატან ცვლილებების გამო

“ICC-საქართველო” პრობლემურად მიიჩნევს შრომის კოდექსიდან ფიქსირებული ვადის ხელშეკრულებების დებულების ამოღებას. კერძოდ, ახლანდელი შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით, სავალდებულოა დასაქმების უვადო ხელშეკრულებები:

 

“აღნიშნული მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს კონკურენციასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და ხელს შეუწყობს არაოფიციალურ დასაქმებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ICC-საქართველო” ავრცელებს და რეკომენდაციას იძლევა, რომ განახლებული შრომის კოდექსით ნებადართული იყოს ფიქსირებული ვადის ხელშეკრულებები.

 

მეორე საკითხი, რომელსაც პრობლემურად მიიჩნევს აღნიშნული ორგანიზაცია, ეხება დამქირავებლებისთვის დასაქმების ხელშეკრულებების შეწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვას. ახლანდელი შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით, აღარ არის ნებადართული დამქირავებლების მიერ დასაქმების ხელშეკრულებების ცალმხრივი გაწყვეტა. დასაქმების ხელშეკრულებების გაუქმება ნებადართული იქნება მხოლოდ შრომის კოდექსით განსაზღვრული გარკვეული რაოდენობის მიზეზების საფუძველზე.

 

ICC-საქართველო რეკომენდაციას იძლევა, დამსაქმებლებს შეუნარჩუნდეთ დასაქმების ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, სამართლიანი და ადეკვატური საფუძვლის წარდგენით და დასაქმებულების კომპენსირებით.

 

“ზემოაღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს უამრავ სასამართლო დავას, რაც კომპანიებს აიძულებს დროის და რესურსების ხარჯვას დავებზე. ცვლილებები უზარმაზარ ზეგავლენას მოახდენენ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომელთათვის სათანადო ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სისტემები მიუწვდომელია. აღნიშნული ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების მიერ არაოფიციალურ დასაქმებას”, – ნათქვამია ICC-საქართველოს განცხადებაში.

 

ICC-საქართველო გამოთქვამს შეშფოთებას იმ პოტენციურ უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით, რომლებსაც გამოიწვევს არაბალანსირებული შრომის კოდექსის პროექტი ეკონომიკაზე:

 

“შრომის კოდექსის პროექტის მიღებამდე რეალურ შესაძლებლობად შეიძლება მიღებული იქნას თანამშრომლების განთავისუფლება, როგორც უპირატესი ღონისძიება. ამ პერიოდში, როდესაც მთავრობა ყველა შესაძლო ღონეს ხმარობს ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, აზრს მოკლებულია ბიზნესისა და ინვესტორებისათვის არამეგობრული შრომის კოდექსის მიღება. აღნიშნული
გამოიწვევს ოფიციალური უმუშევრობის და არაოფიციალური და არადოკუმენტირებული დასაქმების ზრდას.”

 

ICC-საქართველო აღნიშნავს, რომ მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, არ მოხერხდა შრომის კოდექსის პროექტის განხილვა სამმხრივი
კომისიის მიერ, რომელიც მოიცავს ყველა სოციალურ პარტნიორს (სავაჭრო გაერთიანებებს, დამსაქმებლებს და ხელისუფლებას).

 

“ჩვენ დაუყოვნებლივ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პარლამენტს, სერიოზულად კიდევ ერთხელ განიხილონ ზემოაღნიშნული ორი დებულება, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესების გათვალისწინებით”, –  ნათქვამია ICC-საქართველოს განცხადებაში.

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი მსოფლიო ბიზნესორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია 120–ზე მეტ ქვეყანაში და აერთიანებს ასიათასობით კომპანიას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა უფლებამოსილია ისაუბროს ბიზნეს წარმომადგენლების სახელით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. პალატა თანამშრომლობს გლობალურ დონეზე დიდ რვიანთან, დიდ ოცეულთან, მსოფლიო ბანკთან WTO, WCO და UN.

 

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი