ახალი ამბებიკინო

კინოკრიტიკოსების შეფასებით, “დიუნკერკი” ნოლანის საუკეთესო ფილმია

20 ივლისი, 2017 • 5156
კინოკრიტიკოსების შეფასებით, “დიუნკერკი” ნოლანის საუკეთესო ფილმია

21 ივლისს აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდ ეკრანზე ბრიტანელი რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი “დიუნკერკი” (Dunkirk) გამოვა. ფილმი მეორე მსოფლიო ომის თემას ეხება და რეალურ მოვლენეზეა დაფუძნებული. კინოკრიტიკოსების შეფასებით, ის ნოლანის ამ დრომდე გადაღებულ ფილმებს შორის საუკეთესოა. ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე დღეიდან არის შესაძლებელი.

პიტერ ბრედშოუ, “გარდიანის” წარმომადგენელი წერს, რომ ფილმი არის ძლიერი, კარგად შექმნილი ისტორია, რომელიც საკუთარ სათქმელს ომის თემატიკით ზედმეტი მანიპულირების გარეშე ახერხებს. ნოლანის რეჟისორულ პროფესიონალიზმს კი თან ერთვის ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის, ჰანს ციმერის ამაღელვებელი მუსიკა.

ფილმში ძირითადად ასახულია დაბომბვისა და ევაკუაციის მასობრივი სცენები და იმის მიუხედავად, რომ დიუნკერკის სანაპიროზე შეკრებილი 400 000 ჯარისკაცი მტრისაგან თავის დაღწევას ცდილობს, არსად გვხვდება მეორე მხარე – ფილმში არ ჩანს გერმანული ჯარი ან გერმანელთა შტაბი, საიდანაც ბრძანებები გაიცემა. კინომოყვარულთა თქმით, ნოლანი ცდილობს ომის კოშმარი სხვადასხვა სიბრტყეში გაშალოს და არ აქციოს მხოლოდ კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებად.

“ისტორიას ქმნიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გადაურჩნენ მას,” – წერს კინოკრიტიკოსი დავიდ ელრიხდი “ინდივაირში” გამოქვეყნებულ სტატიაში. ის აღნიშნავს, რომ სწორედ ამ იდეის გამოყენებით რეჟისორი ცდილობს შეახსენოს მაყურებელს, რომ შიში დანაშაული არ არის.

ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ასრულებენ, მათგან რამდენიმესთან ნოლანს მანამდეც ჰქონდა  ნუმუშევარი. მათ შორის არიან ტომ ჰარდი, კილიან მერფი, მარკ რილანსი. ფილმისათვის რეჟისორმა ახალბედა მსახიობებიც შეარჩია. ერთ-ერთ მთავარ გმირს ფიონ ვაითჰედი ასრულებს. ფილმში მომღერლის, ჰარი სტაილზის სამსახიობო დებიუტიც შედგა და დადებითი შეფასება უკვე დაიმსახურა. ფილმის საერთო ბიუჯეტი 150$ მლნ.-ია.

გარდა კრიტიკოსების დადებითი შეფასებისა, ფილმს ფინანსურ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. მაგალითად, ვებგვერრდზე “Rotten tomatoes” მას მაყურებელთა 96% დადებით შეფასებას აძლევს. IMDb-ზე კი მისი რეიტინგი 9.2-ია. პირველ კვირას ვარაუდობენ, რომ ფილმი საშუალოდ 40$ მილიონს მიიღებს გაყიდვებიდან. კინოკრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ “დიუნკერკი” რეჟისორს ოსკარის ნომინაციას აუცილებლად მოუტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი