ახალი ამბები

‘ნუ გეშინიათ, ყველა დავიმარხებით’ – ნარმანია სასაფლაოების მოსალოდნელ დეფიციტზე 2040 წლისთვის

20 ივლისი, 2017 • 3531
‘ნუ გეშინიათ, ყველა დავიმარხებით’ – ნარმანია სასაფლაოების მოსალოდნელ დეფიციტზე 2040 წლისთვის

“ნუ გეშინიათ, როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეკითხვას იმ პროგნოზთან დაკავშირებით, რომ თუ მერია ღონისძიებებს არ გაატარებს, 2040 წლისთვის თბილისის სასაფლაოებზე აღარ იქნება თავისუფალი ადგილი.

თბილისის მერმა განმარტა, რომ სასაფლაოებზე თავისუფალი ადგილების დეფიციტი არ შეიქმნება.

“გენერალური გეგმა ტერიტორიის ზონირებებთან ერთად სხვა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის მოიცავს სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს. მნიშვნელოვანია ის, რომ გენერალურ გეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომლებიც მომავალში იქნება გამოყენებული სასაფლაოებისთვის, ასევე, სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის. ეს საკითხი გენერალურ გეგმაში არის გათვალისწინებული. დეფიციტი არ იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა დაასრულა გენგეგმის პროექტის დამუშავება. მათი ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი ვარაუდობენ, რომ 2040 წლისთვის თბილისის სასაფლაოებზე თავისუფალი ადგილი აღარ იქნება. თბილისში დღეს 51 საქალაქო სასაფლაოა, ამათგან 25 უკვე დახურულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი