ახალი ამბები

კალაძე: გადავწყვიტეთ, “სითი ინსიტუტს” თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ

2 აპრილი, 2018 •
კალაძე: გადავწყვიტეთ, “სითი ინსიტუტს” თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ

თბილისის მერია ქალქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფ “სითი ინსტიტუტს” დოკუმენტის დასრულების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 2 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ “სითი ინსტიტუს” თავისი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მერიის ყველა სამსახური, რომ “სითი ინსიტუტმა” ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა წარმოადგინოს,”

მისივე თქმით, მერიამ გადაწყვიტა, დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული დისკუსია, პოლემიკა და განხილვები დაასრულოს.

რაც შეეხება მერიის პოზიციას “სითი ინსტიტუტის” ამჟამინდელი დოკუმენტის მიმართ, როგორც თბილისის მერია აცხადებს, “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი თბილისის გენერალური გეგმის პროექტი უამრავი ხარვეზითაა შემუშავებული, მათ შორის, არაა განსაზღვრული რეკომენდაციების ხარჯთაღრიცხვა.

მერიის ცნობით, რამდენიმე დღეში გადაწყდება, დაუჭერს თუ არა მერია მხარს ახალ გენგეგმას.

მერიის ძირითადი შენიშვნები:

  • გენგეგმის ჯგუფს (“სითი ინსტიტუტი”)- მის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების ხარჯთაღრიცხვა არაა წარმოდგენილი;
  • საკუთრების ცნება იგნორირებულია. მაგალითად, გენგეგმის ჯგუფს შემთავაზებული აქვს რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობა ისეთ ნაკვეთებზე, რომლებიც კერძო საკუთრებაშია;
  • არაა წარმოდგენილი ტრანსპორტის, გამწვანების, ავარიული სახლების ჩანაცვლების სტრატეგია;
  • ზოგიერთ ადგილას გაუქმებულია მწვანე კორიდორები, მაშინ, როდესაც გენგეგმის ერთ-ერთი სტრატეგია მწვანე ქალაქის შექმნაა;
  • შეუსწავლელია მდინარეების, ჭალებისა და ხევების გახსნის საკითხი. გასარკვევია, თუ რა დაუჯდება მერიას ამ რჩევის გათვალისწინება;
  • ჯგუფმა შესთავაზა უფუნქციოდ დარჩენილი საწარმოო ცენტრების გამოცოცხლება, თუმცა რა დაუჯდება ეს მერიას, არც ესაა მოცემული
  • ქალაქის ისტორიული ნაწილის განაშენიანების გეგმა გამორჩენილია;
  • წყალარინების, გაზმომარაგების, ელმომარაგების რუკებზე ხარვეზებია და არაა ასახული რეალური მდგომარეობა.

გენგეგმაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყეს და კონკრეტული შეთავაზებები გენგეგმის ჯგუფმა მერიას 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა. მერიამ გენგეგმის ჯგუფს 2 მილიონი ლარი უკვე გადაუხადა, დარჩენილია 800 000 ლარი, რომელიც გენგეგმის ბოლო, მე-6 ნაწილის, შემუშავების შემდეგ უნდა გადაუხადოს. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილი ხედვის მიხედვით უნდა განვითარდეს თბილისი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი