ახალი ამბები

მკლავჭიდელების ბრალდებები ჯაჭვლიანისა და სპორტის სამინისტროს მისამართით – სპორტსმენებმა აქცია დაგეგმეს

17 ივლისი, 2017 • 6239
მკლავჭიდელების ბრალდებები ჯაჭვლიანისა და სპორტის სამინისტროს მისამართით – სპორტსმენებმა აქცია დაგეგმეს

მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელი საქართველოში ვახტანგ მუსელიანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ/პრიზიორ მკლავჭიდელებთან ერთად, ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს ისტორიული ფედერაციის გაუქმებასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. ყოფილი პარლამენტარი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს, ხოლო მკლავჭიდელები სპორტის სამინისტროსთან ფართომაშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებენ.

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის მიმართ, რომელიც 12 წელია მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტია, დღევანდელ პრესკონფერენციაზე სპორტსმენებმა და მათმა მწვრთნელმა არაერთი სკანდალური ბრალდება გაახმიანეს.

მკლავჭიდელების ბრალდებები სოსო ჯაჭვლიანისა და სპორტის სამინისტროს მისამართით

ვახტანგ მუსელიანი სპორტის სამინისტროს სოსო ჯაჭვლიანის მფარველობაში ადანაშაულებს. ის მიიჩნევს, რომ შესაძლოა თავად მინისტრი ხეჩიკაშვილი საქმის კურსში არ არის, თუმცა მოადგილეებმა ყოფილ დეპუტატს ხელი შეუწყვეს საქართველოს ახალი მკლავჭიდის ფედერაციის დასაარსებლად.

როგორც მუსელიანი ამბობს, ეს ყველაფერი ჯაჭვლიანმა გააკეთა ფარულად, სპორტის ამ სახეობაში მომუშავე ადამიანებთან შეუთანხმებლად, რის გამოც მკლავჭიდელები ლამის ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ დეპუტატს. როგორც თავად სპორტსმენები აცხადებენ, ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სოსო ჯაჭვლიანმა პოლიციის დახმარებით გადაირჩინა თავი.

“გასულ ევროპის ჩემპიონატამდე მკლავჭიდის ფედერაციას სპორტის სამინისტრომ დაფინანსება მოუხსნა. მას შემდეგ, რაც გავაპროტესტეთ ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ისევ აღუდგინა. ყველაფრის მიუხედავად, მოვიგეთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები. დღემდე ვცდილობთ, არ მივცეთ საშუალება ჯაჭვლიანს, საშინელებები აკეთოს. სპორტსმენებმა თვითონ ჩაატარეს საქართველოს ჩემპიონატი და დაიწყეს მომდევნო ევროპისისთვის მზადება. ამის შემდეგ სპორტის სამინისტრომ კვლავ მოუხსნა ისტორიულ ფედერაციას დაფინანსება და მხარი დაუჭირა ფარულად შექმნილ ალტერნატიულ ფედერაციას. დანიშნეს ახალი მთავარ მწვრთნელები და ასაკობრივ ნაკრებებში მოიყვანეს ხალხი, რომლებსაც ერთი დღეც კი არავინ უვარჯიშებიათ,” – ამბობს მუსელიანი.

მკლავჭიდის ძველი ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 600 ლარი იყო, მაგრამ ამას არ ჩივის: “საქმე ეხება პრემიებს, რასაც სპორტსმენის გამარჯვებისას ვიღებთ მწვრთნელები. ამაში ავიღე მაღალი თანხები, რომელსაც ვურიგებდი ყველა დამხმარე მწვრთნელს. თუ სპორტსმენი გახდა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონი, გამოიმუშავებს დაახლოებით 50–60 ათასს დოლარს,  რის ნახევარსაც იღებს მწვრთნელი. წლის ბოლოს დაახლოებით 60 მედალი მოვიპოვეთ.”

სპორტსმენების თქმით, სქემა, თუ როგორ მოატყუა სოსო ჯაჭვლიანმა მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია, ასეთია: “კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს მისწერეს, რომ ახალი ფედერაცია უნდოდა საქართველოს. მოატყუეს ეს კაცი და მოაწერინეს ხელი. ჯაჭვლიანსა და სპორტის სამინისტროს შორის დიდი ხანია შედგა გარიგება.”

ვახტანგ მუსელიანი აცხადებს, რომ ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს ეს პრობლემები არ ჰქონდა მკლავჭიდის ფედერაციას, ხოლო ახლა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ტარიელ ხეჩიკაშვილი ან მისი მოადგილეები დავალებულნი იყვნენ სოსო ჯაჭვლიანთან.

“მგონია, რომ სპორტის ამჟამინდელი მინისტრი ტყემლის ხეზე ზის და ბალს ჭამს. დიდი ალბათობით, მინისტრის მოადგილეები ეხმარებიან ჯაჭვლიანს. ამერიკელები, თურქები, რუსები გვაღმერთებდნენ, ისეთი შედეგები გვქონდა, მაგრამ ეს სპორტი დღეს უკვე დაღუპულია საქართველოში. მთელი თანხები სპორტის სამინისტრომ გადაიტანა ცრუ და ფარულად გაკეთებულ ფედერაციაში. ამის ფონზე, ერთი დღე რომ არავინ უვარჯიშებიათ, იმ ხალხთან ერთად უნდათ ბიჭებთან მუშაობა,” – ამბობს მუსელიანი.

როგორც საქართველოში პირველი მკლავჭიდის ფედერაციის დამაარსებელი აცხადებს, პარადოქსია, რომ ცრუსა და ნამდვილ, ისტორიულ ფედერაციაშიც კვლავ სოსო ჯაჭვლიანია პრეზიდენტი. მუსელიანს მიაჩნია, რომ მისი აღზრდილი მკლავჭიდელებით მიღებული პრემიების გადაცემას “ცრუ” მწვრთნელებისთვის აპირებენ: “ძველ ფედერაციაში ახლაც მთავარი მწვრთნელი ვარ, მაგრამ დაფინანსების გარეშე.”

როგორც სპორტსმენები ამბობენ, სპორტსმენების უდიდესი ნაწილი, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ლიცენზია აქვთ მოპოვებული, უარს აცხადებს ახალ ფედერაციაში ახალ მწვრთნელებთან მუშაობაზე. მკლავჭიდელები ორშაბათს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებას აანონსებენ, რომელშიც სპორტსმენების გარდა, მათი მხარდამჭერები და მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

სპორტის მინისტრის მოადგილის პასუხი ბრალდებებზე

ჩვენ დავუკავშირდით სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, რომელიც აცხადებს, რომ მკლავჭიდის ძველი ფედერაციის გაუქმებისა და ახლის გაკეთების საქმეში სამინისტროს ბრალი არ მიუძღვის. მისი თქმით, სოსო ჯაჭვლიანმა სპორტის სამინისტროს დაფინანსებისა და აღიარების საბჭოს წარუდგინა წერილი მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების ხელმოწერილი დადებითი დასკვნებით, რის გამოც ძველი ფედერაციის ახლით ჩანაცვლების საკითხზე არავითარი კითხვის ნიშნები გაჩენილა.

“მსოფლიო და ევროპის ფედერაციები წერდნენ, რომ ტურნირებზე გუნდი წარმოდგენილი უნდა იყოს ამ ახალი ერთიანი ეროვნული ფედერაციით. ვინაიდან უკვე იყო ახალი და ძველს აღარ ჰქონდა უფლება, მსოფლიოსა და ევროპაზე წარედგინა გუნდი და ვინაიდან სპორტის სამინისტროს მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ დავაფინანსოთ ესა თუ ის ფედერაცია, რათა მან მიავლინოს ჩვენი სპორტსმენები მსოფლიოსა და ევროპაზე, ვაღიარეთ ახალი ფედერაცია. შესაბამისად, ახალი ფედერაცია დაფინანსდა იმიტომ, რომ სპორტსმენებს მიეღოთ მონაწილეობა ჯერ ევროპის, ხოლო ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე,” – ამბობს გოგოლაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროში არავინ იტყვის, ძველი ფედერაცია ცუდია და ახალი კარგიო, რადგან არასდროს გაუციათ ახალი მკლავჭიდის ფედერაციის მხარდამჭერი რეკომენდაცია. მისი თქმით, ახალ ფედერაციას მხოლოდ იმიტომ უჭერენ მხარს, რომ სპორტსმენებმა შეძლონ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა:

“შეიძლება ვიღაც გაბრაზებულია, შეიძლება – არა. თუ ძველი ფედერაცია აპროტესტებს, უნდა გააპროტესტოს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციაში. მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციამ რა მოტივით მიიღო ეს გადაწყვეტილება, შეუძლიათ მიმართონ და ჰკითხონ; მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია და შემდეგ გაასაჩივრონ, თუ უნდათ.”

გოგოლაძის განცხადებით, ყველა სპორტსმენი მადლიერი უნდა იყოს სპორტის სამინისტროს მიმართ, რადგან მსოფლიოში, მისი ინფორმაციით, სულ 2–3 ქვეყანაა, სადაც მკლავჭიდს აფინანსებს სახელმწიფო, უზრუნველყოფს შესაბამისი სავარჯიშო პირობებით, ხოლო შემდეგ უშვებს მსოფლიოსა და ევროპაზე. ამიტომ მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მკლავჭიდელებმა არასწორი ადგილი აირჩიეს საპროტესტო აქციის გასამართად.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მკლავჭიდის ფედერაცია გასულ წელს დაახლოებით 300 ათას ლარით დაფინანსდა პარაოლიმპიური მკლავჭიდით. გარდა ამისა, გაიცემოდა საპრემიო თანხები სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე, რომელიც 300 ლარს აღემატებოდა.

მკლავჭიდის ნაკრების წევრები და მწვრთნელები 2016 წლიდან მოყოლებული საუბრობენ სპორტის ამ სახეობაში გაჩენილ პრობლემებზე, რასაც სოსო ჯაჭვლიანის “ფულის სიყვარულს” უკავშირებენ. მათ რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართეს საქართველოს პარლამენტთან, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ა.შ. მკლავჭიდელები მიიჩნევენ, რომ ჯაჭვლიანი სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად პირად კეთილდღეობაზე უფრო ფიქრობს და სპორტის სამინისტროს მიერ გამოყოფილ თანხებს უკანონოდ ითვისებს.

ჯაჭვლიანი ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა სოსო ჯაჭვლიანს, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ადამიანებიდან, რომლებიც ცილს სწამებენ, მხოლოდ ერთია მოქმედი მკლავჭიდელი, ხოლო არ შეიძლება ერთი 90 წელი იყოს პოსტზე. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ თუ მასთან დავა სურთ, შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ფედერაციებს, პროკურატურას ან სასამართლოს.

“25 წლის განმავლობაში საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია იყო ბედნიერები, რადგან ჩვენ თვითონ ვშოულობდით და მოვიძიებდით თანხებს; მივდიოდით მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებზე და ვიმარჯვებდით. 2016 წელს, როგორც იქნა, მოვიპოვეთ ბიუჯეტიდან დაფინანსება, თუმცა მეორე დღესვე დაიწყო აჯანყება – ვიღაცებს სურდათ ფედერაციის მითვისება. რამდენი სულელი რას იტყვის, ყველაფერზე კომენტარის კეთება არ შეიძლება. არის 2–3 ადამიანი, რომლებსაც უკვე მკლავჭიდში არაფერი გამოსდით და ამ ნაყიდი ილეთებით ცდილობენ ახლა ვითომ არეულობის შეტანას მკლავჭიდის ფედერაციაში,” – ამბობს ჯაჭვლიანი.

სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ ფედერაციის ვალია: “არც ერთი სპორტსმენი დაზიანდეს; ნებისმიერი სპორტსმენი, ვისაც ეკუთვნის, უნდა წავიდეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე; მიიღოს მისი კუთვნილი ხელფასი და პრემია. ამიტომ ჯობია ამ კუთხიდან მივუდგეთ.”

კიდევ ერთ ბრალდებას, რომ ახალ მკლავჭიდის ფედერაციაში მწვრთნელებად დაინიშნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ერთი დღეც არ უვარჯიშებიათ ახალგაზრდები, ჯაჭვლიანი უარყოფს.

“მთავარი მწვრთნელია მსოფლიოს 14-გზის ჩემპიონი, ჯამბულ ვიბლიანი, რომელიც თავის დროზე რუსეთის სახელით გამოდიოდა. ასევე, ახალგაზრდების მწვრთნელია მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი გიორგი ხაჩიძე. ასე რომ, კომპეტენტურები არიან თუ არა, ეს უკვე მკითხველისთვის მომინდვია. ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის, სამწვრთნელო,” – ამბობს ყოფილი პარლამენტარი.

სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ ცილისწამების მიუხედავად, თავად არ აპირებს ჩივილს: “ამდენი ხანი როცა ერთად ხართ, არ გეკადრება ეგეთი რამ. საერთოდ, ძალიან ცუდია ტყუილის გამო ჩივილი. ახლა მე კომენტარი გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ ასე და ასე. არსებობს პროკურატურა და სასამართლო, მიაკითხონ თვითონ იმათ. თუ რამეა გასარჩევი და რაღაც არ არის სწორად, ყველა პასუხს აგებს.”

ჯაჭვლიანის თქმით, ვახტანგ მუსელიანი, რომელმაც დღეს პრესკონფერენცია გამართა, 12 წელი “საგულაოდ” იყო წასული აშშ–ში, ხოლო ამ დროს ყველაფერმა მის მხრებზე გადაიარა. ყოფილი დეპუტატის განცხადებით, “ყველა ღირსეული ადამიანი აუცილებლად დასაფასებელია, მაგრამ არ შეიძლება 90 წელი იყო ერთ ადგილას”.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები მკლავჭიდში მათ მთავარ მწვრთნელთან ერთად. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები მკლავჭიდში მათ მთავარ მწვრთნელთან ერთად. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი