ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი წელს განხორციელდება

9 აპრილი, 2013 • 1113
ფანჯიკიძე: ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი წელს განხორციელდება

შესაბამისი განცხადება ფანჯიკიძემ დღეს აშშ–iს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


აღნიშნული ვიზიტის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ერიკ რუბინიც ესაუბრა, თუმცა ვიზიტის დეტალების შესახებ ცნობა არც მას გაუვრცელებია.


შესაძლებელია თუ არა, რომ აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდეს? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” დღეს რუბინს მიმართა, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა კონკრეტული განცხადების გაკეთებისაგან თავი შეიკავა. მან იმედი გამოთქვა, რომ ივანიშვილი აშშ–ში ნამდვილად ჩავა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში “ისინი [სახელმწიფო დეპარტამენტი] მას ვაშინგტონში შეხვედრების ორგანიზებაში აუცილებლად დაეხმარებიან”.


ვაშინგტონში ივანიშვილისა და ბარაკ ობამას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს არც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე აკეთებს.


“პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება წელს, თუმცა კონკრეტულ თარიღს, ფორმატს და შეხვედრების პროგრამას მე ჯერჯერობით ვერ გეტყვით”, – განუცხადა ფანჯიკიძემ “ნეტგაზეთს”.


დღეს ფანჯიკიძისა და ერიკ რუბინს შეხვედრა საგარეო უწყებაში გაიმართა. ფანჯიკიძის და რუბინის თქმით, მხარეებმა საქართველო–აშშ–ის ორმხრივ ურთიერთობებზე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის განვითარებაზე, ნატოს ISAF-ის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილ კონტრიბუციაზე და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრეს. გადაწყდა, რომ საქართველოს ახალი ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე რწმუნებათა სიგელებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვაშინგტონში 15 აპრილს წარუდგენს.

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველ ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში განახორციელებდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი