ახალი ამბები

წითელუბანთან ორი მწყემსი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს

16 ივლისი, 2017 • 2233
წითელუბანთან ორი მწყემსი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს

რუსმა ჯარისკაცებმა გორის რაიონ სოფელ წითელუბნის მახლობლად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. თენგიზ კაჯილოვი და ვასილ ბოლოთაევი მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ.

წითელუბნის მკვიდრი ვალოდია მახარაძე ამბობს, რომ დაკავებულთა ოჯახებს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მწყემსებს ხვალ, ჯარიმის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლებენ.

“დღეს კვირაა და არა მგონია, რამე გავიგოთ. ხვალ “სასამართლო” ჩატარდება, ჯარიმას გადაახდევინებენ და გამოუშვიებენ, ალბათ. ასე იციან ხოლმე. ბანერის ორივე მხარეს ჩვენი საძოვრებია, მაგრამ არაფრი შეგვიძლია. საქონელი გადავა იქით, გადმოსაყვანად გადახვალ და დაგიჭერენ…” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვალოდია მახარაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ორი პირის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებას. მათი ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ამ პირების გასათავისუფლებლად. როგორც სუს-ში განგვიცხადეს, მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

სოფელ წითელუბნის მკვიდრი, ვალოდია მახარაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სოფელ წითელუბნის მკვიდრი, ვალოდია მახარაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი