ახალი ამბები

დავით თარხან-მოურავი პოლიტიკასა და რელიგიაზე

9 აპრილი, 2013 • 4401
დავით თარხან-მოურავი პოლიტიკასა და რელიგიაზე

პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, მათივე განმარტებით, ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხზე ხალხის აზრს სწავლობენ. გამოკითხვის ფურცლებზე წერია, რომ გამოკითხვის ორგანიზატორები არიან როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაწესებულებები და სასწავლებლები. მათ შორისაა: ბათუმის საზღვაო აკადემია, ეროვნული ჭიდაობის ფედერაცია, “ელიტარული სკოლა”, ნავიგაციის ინსტიტუტი, აჭარის მწერალთა კავშირი… თუმცა საზღვაო აკადემია და ჭიდაობის ფედერაცია “ბათუმელებთან” გამოკითხვების ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფენ.

 

“როგორც გავიგე, სტუდენტებმა მიიღეს გამოკითხვაში მონაწილეობა. ორგანიზატორი აკადემია არ არის. არასწორი ინფორმაციაა მითითებული”, – ამბობს საზღვაო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბზიკაძე.

 

ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ ჭიდაობის ფედერაციაშიც:

 

“ჩვენი ვიცე-პრეზიდენტი დათო მამულაძე არის მაგ გამოკითხვებში ჩართული. ჩემგან დაუკითხავად ფედერაცია მხარდამჭერთა სიაში
შეუყვანია”, – აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე.

 

დავით მამულაძე კი ამბობს: “მე, ფედერაციის პრეზიდენტი და სხვა პირები, როგორც საზოგადოების წევრები, ჩართული ვართ გამოკითხვაში, თუმცა პოლიტიკას ვემიჯნებით”.

 

გამოკითხვებში სკოლის პედაგოგებიც მონაწილეობენ. “ელიტარული სკოლის” დირექტორის, ნინო მურვანიძის თქმით, მისი სკოლა ამ მხრივ აქტიურობს: “მასწავლებლები არიან ჩართული საკუთარი სურვილით… პარტიის წევრები არ ვართ. ვფიქრობ, გამოკითხვა არც ერთი ბათუმელისთვის არ იქნება მიუღებელი”.

 

“მე ვუწყობ ხელს სტუდენტებს, როცა დაასრულებენ ხელმოწერების შეგროვებას, მგზავრობის ხარჯებს ავუნაზღაურებ”, – ამ განცხადების ავტორი კი ნავიგაციის ინსტიტუტის კანცლერი ლალი ხვედელიძეა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერმა გამოთქვა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის სურვილი, ამ ჯგუფებისთვის ბათუმში მისი მშენებლობა კვლავაც თურქეთის პოლიტიკურ ინტერესებთან ასოცირდება.

 

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემა პირველად არ ხდება პოლიტიკურად მომგებიანი საკითხი. საპარლამენტო არჩევნებამდე მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი იყო მურმან დუმბაძე, რომელიც მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა “ქართულმა ოცნებამ”. მურმან დუმბაძე ახლა პარლამენტის წევრია და მიაჩნია, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა
აშენდეს. ყოფილი მომხრეები კი დეპუტატს ამის გამო აკრიტიკებენ.

 

მურმან დუმბაძეს პოზიციის შეცვლის გამო “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი არ აკრიტიკებს:

 

“ჩვენ არ ვართ ივანიშვილის ოპოზიციაში და მურმან დუმბაძეც ივანიშვილის მხარდამჭერია,” – ამბობს დავით თარხან-მოურავი -“ქართულ-თურქული ურთიერთობები ეს არის კატასტროფა. დიდი ხანია ყველა დონეზე მიწევს მტკიცება იმის, რომ თურქეთი ახორციელებს საქართველოს იდუმალ, ფარულ დაპყრობას”.

 

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის განცხადებით, “ფარული დაპყრობა” თურქეთის ხელისუფლების მიერ, საკუთარი მოქალაქეების დაფინანსებაში გამოიხატება:

 

“თურქეთი თავის მოქალაქეებს მიზანმიმართულად, გააზრებულად აფინანსებს, აძლევს თანხებს, რომ ჩამოვიდნენ აჭარაში და დასახლდნენ. უნივერსიტეტებში კი ასწავლიან, რომ საქართველოს ოკუპირებული აქვს აჭარა. 27 000-მა თურქმა მიიღო ცხოვრების უფლება ბათუმში”.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, 2011 წლისთვის ორმაგი
მოქალაქეობის უფლება თურქეთის 535 მოქალაქეს მიენიჭა. ეს ციფრები დავით თარხან-მოურავისთვის არც თუ ისე მყარი არგუმენტია:

 

“გარეთ რომ გადიხართ, ხედავთ თუ არა თურქებს, რომლებიც ცხოვრობენ ყოველ ნაბიჯზე?! რესტორნებს ხედავთ, რომელიც ბორდელებად არის ქცეული. მე ვამბობ, რომ ეს მიზანმიმართულია. რომელი ქვეყანა აძლევს მოქალაქეს უპროცენტო სესხს?! ნებისმიერ თურქს დაელაპარაკეთ და გეტყვით, რომ ეს ასეა”.

 

პარტიის ლიდერი განსაკუთრებით კრიტიკულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ: “საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც მოისმინეთ, ალბათ, რომ ახალ ოსმალეთს აშენებს და იქ იქნება ბათუმიც, დამასკოც და სარაევოც, მგონი. ის ამბობს, რომ მშვიდობიანად აშენებს ახალ ოსმალეთს”.

 

აჰმედ დავითოღლუმ, ანუ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ თურქეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

“დავითოღლუ წერს, რომ ტერიტორიების პატივისცემით მოხდება ახალი ოსმალეთის აშენება, ანუ საზღვარი იქნება, უბრალოდ, ოსმალეთის იმპერიაში შევა აჭარა”, – ამბობს დავით თარხან-მოურავი და დასძენს, რომ საქართველოს მიმართ თურქეთის პოლიტიკას ნებისმიერი ფორმით შეეწინააღმდეგება:

 

“როცა საჭიროა, იქნება დემონსტრაციები და თუ საჭიროა, ხელმოწერებიც შეგროვდება. მე მომხრე ვარ არსებული მეჩეთის გაფართოების. მე წინააღმდეგობა არ მაქვს ისლამთან… ჩვენ წინააღმდეგი ვართ ახალი მეჩეთის, რომელიც იქნება ცენტრი ოსმალური ინტერესების”.

 

დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მზადდება დოკუმენტური ფილმი, რომლითაც თურქული ინტერესი ნათლად წარმოჩნდება:

 

“ფილმში იქნება გამოყენებული ფარული ჩანაწერებიც და გამოჩნდება ვინ, რა მიზნებით, როგორ ამზადებს ამას. ძალიან ბევრი ბომბი გასკდება და ბევრი რამ გაირკვევა”.

დავით თარხან-მოურავი
დავით თარხან-მოურავი

 

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” შექმნის მიზეზი, როგორც მისი ლიდერი ამბობს, ქვეყანაში ეროვნულად განწყობილი პარტიების დეფიციტია.

 

“არსებობენ პარტიები, რომლებიც იცავენ ვაშინგტონის ინტერესებს, ზოგიერთი – ბრიუსელის და ზოგიერთიც რუსეთის ინტერესებს იცავს. ჩვენ კი ყველგან თბილისის ინტერესებს ვიცავთ”.

 

ამ ინტერესების დაცვა დავით თარხან-მოურავს, მაგალითად, ასე წარმოუდგენია:

 

“რუსეთის პირველი ინტერესი საქართველოში არის ენერგეტიკა. ის არის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ევროპაში, შაჰდენიზი და ბაქო-ჯეიხანი, შემდეგ იქნება ნაბუქო, რუსეთს კონკურენციას უწევს ევროპაში. ამიტომ, რუსეთის ინტერესია ბალანსი ამ სფეროში. საქართველოს ინტერესიც უნდა იყოს ის, რომ დაბალანსდეს ყველა დიდი სახელმწიფოს ინტერესი ისე, რომ ჩვენ არც სოხუმი დავკარგოთ და არც ბათუმი. პირველი საკითხი არის ენერგოდერეფნები. რუსეთმა უნდა მიიღოს საქართველოსგან საშუალება, რომ თავისი ენერგეტიკის ექსპორტი თავისუფლად აწარმოოს”.

 

პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელი თბილისსა და ბათუმშიც დავით თარხან-მოურავი იქნება. ის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს კონკრეტულად არ ასახელებს: “ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ვქმნით საკრებულოებში ფრაქციებს”.

 

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალები” დეპუტატებმა მასობრივად დატოვეს და ახლა ათი მათგანი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციაში არიან გაწევრიანებული. თარხან-მოურავის პარტიას ქუთაისში იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე (“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი) ჩაუდგა სათავეში, რომელმაც გუშინ ეს თანამდებობდა დატოვა.

 

რა ურთიერთობა აქვს თარხან-მოურავს რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ, ლევან ვასაძესთან და ხომ არ იქნება ვასაძე მომავალ არჩევნებში ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი?

 

“ლევანს ვიცნობ ძალიან ახლოს და რაც თავი მახსოვს, ის მთელი ცხოვრება უარს ამბობს პოლიტიკაში მონაწილეობაზე”, – პასუხობს დავით თარხან-მოურავი.

 

დავით თარხან-მოურავის ოჯახი უცხოეთში ცხოვრობს: “მთელი ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეუღლეც მათ შორის. ქალიშვილი – საფრანგეთში, ვაჟი კი – მოსკოვში ცხოვრობს. ძმა ცხოვრობს ლისაბონში უკვე 30 წელია. რაღაც პერიოდში მეც ვცხოვრობდი შვეიცარიასა და მოსკოვში. ჩემი ოჯახი პოლიტიკაში არ ჩარეულა და არც ჩაერევა”.

 

ამ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სოსო ზაალიშვილმა ცოტა ხნის წინ “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მათი მიზანი
საქართველოში ლიბერალიზმის დამარცხებაა. აქვს თუ არა იგივე მიზანი დავით თარხან-მოურავს?

 

“არ ვიცი, რა იგულისხმა სოსომ, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით: ლიბერალიზმი კონსერვატიზმისგან იმით განსხვავდება, რომ კონსერვატორი სიახლეს ნელა იღებს, ჯერ აკვირდება სიახლეს, რომ დროში დაინახოს მისი ავკარგიანობა. ლიბერალი პირიქით, ამბობს, რომ მე სიახლეს ღია კარით ვხვდები. მეც და პარტიაც კონსერვატიული სულისკვეთების ვართ ამ გაგებით. მე წინააღმდეგი ვარ ვითომ ლიბერალიზმის”.

 

ვითომ ლიბერალიზმი დავით თახან-მოურავისთვის არის მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლება, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე საუბარი, ჩინური ქალაქის მშენებლობა საქართველოში და მიწების მიყიდვა ინდოელებზე: “ასევე, რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება სომხური ენისთვის”.

 

პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ოფისი ბათუმში, ქალაქის ძველ უბანში, მერაბ კოსტავას ქუჩაზეა. დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ პარტიას მისი წევრები აფინანსებენ, რომელთა რაოდენობა “მარტო თბილისში ხუთი ათასია”. შემოწირულობის ოდენობას არ ასახელებს:

 

“ჩვენ ჯერ დიდი ხარჯები არ გაგვიწევია. ბიზნესი არ მაქვს, მაგრამ ღატაკი კაცი არ ვარ. ჩემი ძმაც მეხმარება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი