ახალი ამბებიხელოვნება

“ხელოვნურ სუნთქვამდე” და “დაშლის” შემდეგ – ინტერვიუ დავით გაბუნიასთან

14 ივლისი, 2017 • 11423
“ხელოვნურ სუნთქვამდე” და “დაშლის” შემდეგ – ინტერვიუ დავით გაბუნიასთან

1990-იანი წლების ჩაბნელებულ ფოთში მისთვის სერიალების ყურება ხან “დვიჟოკზე”, ხანაც მეზობელთან, უმოქმედობისა და მოწყენილობის დროს, წიგნების კითხვასთან ერთად, ერთ-ერთი თავშესაქცევი იყო. თუმცა მაშინ არ იცოდა, რომ წლების შემდეგ უკვე დრამატურგი, მთარგმნელი და მწერალი სრულმტრაჟიანი სერიალისთვის სცენარს დაწერდა. არც ის, რომ ერთ ღამეში წაკითხული წიგნი იურისტობას გადააფიქრებინებდა.

“მახსოვს, “ბაგატიე ტოჟე პლაჩუტ” იყო პირველი. აი, “იზაურა” როცა გადიოდა, მაშინ შუქი ჯერ კიდევ იყო, იმიტომ, რომ იმას სახლში ვუყურებდით ხოლმე. თან ახლა ამ 300-სერიან სერიალს შუა გზაზე ხომ არ მივატოვებდით?!” – ამბობს დათო გაბუნია.

ჯერ მასწავლებელი, შემდეგ – მთარგმნელი

დავით გაბუნია 1982 წლის 12 აპრილს ფოთში დაიბადა და ამ ქალაქშივე მიიღო საშუალო განათლება. 17 წლამდე, ოჯახის რამდენიმე წევრის მსგავსად, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი. არც ინგლისური ენის სწავლის სურვილი გასჩენია მანამდე. უცხო ენაში 7-თვიანი ინტენსიური მეცადინეობის შემდეგ მასწავლებელმა ჯ.დ-მ სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” მისცა წასაკითხად.

“ეს წიგნი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარდა და ბევრად ადრე მქონდა წაკითხული. არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ინგლისურად წაკითხვას, მაგრამ იმ ერთ ღამეში წავიკითხე. მეორე დღე, რომ მივედი, ვუთხარი – მორჩა, მე იურიდიულზე აღარ ვაბარებ-მეთქი.”

ამის შემდეგ გაბუნიამ ინგლისური ფილოლოგიის სწავლა გადაწყვიტა. ოჯახს მისი გადაწყვეტილებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მიიჩნევს, რომ სწორადაც მოიქცნენ, რადგან ზუსტადაც რომ ეს პროფესია “დღემდე აჭმევს პურს”:

“თავში ქვა გიხლია, რაც გინდა ქენიო” – სახლში მითხრეს. ცოტა მეწყინა კიდეც, წინააღმდეგობა რომ არ გამიწიეს. მახსოვს, მარტო მოსამართლე მამიდამ თქვა, რომ “ეს პროფესია არ არის, მით უმეტეს, ეს კაცის პროფესია არ არის, მანდ სულ ქალები სწავლობენ და მანდ სწავლა ძნელია” – გეგონება, იურიდიულზე სწავლა იქნებოდა ადვილი.”

სკოლაში მასწავლებლობის გამოცდილების მიღება სავალდებულო იყო, ამიტომ სტუდენტობის დროს თბილისში, 55-ე სკოლაში, მე-5 და მე-6 კლასელებს ასწავლიდა ინგლისურ ენას. სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ შესთავაზა მუშაობის დაწყება, მაგრამ მასწავლებლის ანაზღაურება იმდენად მცირე იყო, რომ დათომ მოსწავლეების კერძოდ მომზადება, მოგვიანებით კი მთარგმნელად მუშაობა არჩია.
“მაშინვე შემომთავაზეს, რომ დავრჩენილიყავი. მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ 39 ლარი იყო ხელფასი სრულ განაკვეთზე. მაშინ წერეთლის მეტროსთან ვცხოვრობდი და ეს თანხა ყოველდღე გზის ფულადაც კი არ მეყოფოდა. ამიტომ ვთქვი უარი.”

უნივერსიტეტში ინგლისურთან ერთად შვედური ენაც ისწავლა და თავდაპირველად “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში” მუშაობა შვედური წიგნების თარგმნის მიზნით დაიწყო. რამდენიმე საბავშვო ანატომიური ენციკლოპედიის შემდეგ ტუვე იანსონის “მუმინების” სერიის პირველი წიგნის თარგმნა დაავალეს. როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯოან როულინგის “ჰარი პოტერის” თარგმნა აღმოჩნდა, რომელიც მისთვის, როგორც მთარგმნელისთვის, კარიერაში ტრამპლინი აღმოჩნდა. მაშინ დათო გაბუნია 21 წლის იყო.

დავით გაბუნია კითხულობს ნაწყვეტს თავისი პირველი რომანიდან "დაშლა" 28.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

დავით გაბუნია კითხულობს ნაწყვეტს თავისი პირველი რომანიდან “დაშლა” 28.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი

პირველი ნაბიჯები მწერლობაში

მოგვიანებით ინტერნეტ პორტალზე lit.ge ფსევდონიმით მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო. წერდა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის იყოს ჰომოსექსუალობა, პირველი სექსუალური გამოცდილება, შიდსი. მოთხრობებს არაერთგვაროვნად აფასებდა მკითხველი.
“თავიდან არ მაინტერესებდა, მაინც ანონიმური იყო ყველაფერი, მაგრამ მერე, როცა უკვე გამოქვეყნებაზე მიდგა საქმე, მანდ გართულდა ყველაფერი. პირველი მოთხრობის ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ რედაქტორი საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა და მეორე მოთხრობა უკვე დაკაბადონებული ნომრიდან ამოიღეს. ამბობდნენ, რომ ამ მოთხრობებს არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ ჰქონდა. მერე ჩემს მეგობრებს, რომლებიც ცდილობდნენ დამხმარებოდნენ, მიჰქონდათ ეს მოთხრობები სხვადასხვა ჟურნალში, მაგრამ არავინ ბეჭდავდა.

მაშინ ცოტა გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ თუ ეს მოთხრობები ასე ზედაპირულად უნდა განსაჯონ და მასში სხვა არაფერი დაინახონ თემის გარდა, მაშინ ასე წერა არ მიღირდა. მაგრად ამიცრუვდა გული და წერას თავი დავანებე.”
ამბობს, რომ ამ ფაქტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მასზე და 2005 წლიდან, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, აღარაფერი დაუწერია.

10 წელი დრამატურგიაში

2008 წელს “სამეფო უბნის” თეატრში მოეწყო 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი და კონკურსი “არდიფესტი”, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ახალგაზრდებს, მიეტანათ თავიანთი პიესები და დაედგათ. გამარჯვებული დრამატურგი შემდეგ წერდა სრულმეტრაჟიან პიესას თეატრისთვის, რომელსაც გამარჯვებული რეჟისორი დგამდა, ხოლო გამარჯვებული მსახიობები თამაშობდნენ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება დათოს მეგობარმა, კინორეჟისორმა ხათუნა გიორგობიანმა შესთავაზა. როგორც ამბობს, მანამდე რამდენიმე მცირე პიესა ჰქონდა დაწერილი. დრამატურგიის ძირითადი პრინციპების გაცნობაში უნივერსიტეტში სწავლის დროს ერთ-ერთი ლექტორი დაეხმარა. “არდიფესტზე” სპექტაკლი “ჩემი საქორწინო კაბა” წარმოადგინეს.

“მერე ისე მოხდა, რომ მე თვითონვე ვითამაშე. მთავარი გმირების როლის შემსრულებლებს კონფლიქტი მოუვიდათ და ერთ-ერთმა დატოვა სპექტაკლი. ძალიან ცოტა დრო იყო კონკურსამდე დარჩენილი – 5 დღეში იწყებოდა ფესტივალი. ამ დროში ვინ ისწავლიდა 26-გვერდიან ტექსტს?”

იმ წელს დათო გაბუნია ფესტივალის საუკეთესო დრამატურგად დაასახელეს. ამის შემდეგ დაწერა პიესა “სხვისი შვილები”, რომლის პრემიერაც 2009 წლის მაისში შედგა “სამეფო უბნის თეატრში”. სპექტაკლის რეჟისორი დათა თავაძე იყო.

“ეს იყო ჩვენი პირველი საერთო ნამუშევარი. მაშინ “სამეფო უბნის თეატრში” არც გათბობა იყო, არც სხვა პირობები, გავიყინეთ, “დავრჩით უშვილოები”, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ და დავდგით სპექტაკლი. ეს იყო პირველი მცდელობა და თითქოს ყველაფერი, რაც კი ვიცოდით, გვინდოდა, რომ შიგნით ყოფილიყო. მაგრამ პირველისთვის არა უშავდა. რაც მთავარია, შეგვამჩნიეს – ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას არ მოეწონა. ვიღაცამ თქვა: უი, რა საინტერესო რამე ხდება? და ასე დაიწყო,” – ამბობს დათო.

თეატრში სამუშაოდ დარჩენა გადაწყვიტა. მისი თქმით, მოსწონდა გუნდური სამუშაო და მაყურებელთა ცოცხალი ემოციების ყურება.

“თეატრში ყველაფერზე პასუხისმგებლობა ნაწილდება, რაც ყველაზე მეტად მომწონდა. საქმეს თანამოაზრეებთან ერთად აკეთებ და მარტო არ ხარ. რეჟისორი, მსახიობები შენთან ერთად ინაწილებენ პასუხისმგებლობის სიმძიმეს. თან ყოველ საღამოს, როდესაც სპექტაკლს ხელახლა თამაშობენ, თავიდან შეგიძლია გამოსცადო პირველად გამოქვეყნების სიმძაფრე. ერთ საღამოს არ მიდის სპექტაკლი, როგორც დაგეგმილია. ბრაზდები, ნერვები გეშლება. მეორე დღეს სპექტაკლი სრულდება ბრწყინვალედ და ხარ უბედნიერესი. აი, ეს ძალიან მომეწონა. ადამიანებს სახეზე უყურებ, როდესაც ისინი შენს ტექსტს ისმენენ ისე, რომ მათ არც იციან, შენ ვინ ხარ.
რაც მთავარია, პერსონაჟები გყავს ცოცხალი. გყავს ადამიანები, რომლებისთვისაც წერ კონკრეტულ პერსონაჟებს. როდესაც იცნობ მსახიობის ხმას, მის სახის ნაკვთებს და წინასწარ საზღვრავ, ის ამ როლს როგორ ითამაშებს, ეს ტექსტი რამდენად მოუხდება. ეს ძალიან მომწონდა, ამიტომ შემოვრჩი თეატრში. ახლა ისეთი ღელვა აღარ მაქვს, როდესაც ჩემი პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ვუყურებ. ისე ვეღარ განვიცდი. დავბერდი, ალბათ,” – ამბობს დათო გაბუნია.

სპექტაკლი "ტროელი ქალები", რომელიც "სამეფო უბნის თეატრში დაიდგა, პიესის თანაავტორი დავით გაბუნიაა. ფოტო: "სამეფო უბნის თეატრი"

სპექტაკლი “ტროელი ქალები”, რომელიც “სამეფო უბნის თეატრში დაიდგა, პიესის თანაავტორი დავით გაბუნიაა. ფოტო: “სამეფო უბნის თეატრი”

თეატრისათვის დაახლოებით 10 წელია წერს. მისი თქმით, წარმატებული პრემიერებისა და გასტროლების შემდეგ, თეატრის გარეთ, დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი ისევ გაუჩნდა. ამბობს, რომ თეატრში რაც არ უნდა შექმნა, ის ყოველთვის რაღაც დონეზე ტრანსფორმაციას განიცდის – ზოჯერ მახინჯდება, ზოგჯერ უკეთესი ხდება, მაგრამ არასოდეს არის ერთი ავტორის.

მე მაინტერესებს ამბები ვნებით, სიყვარულით, სისხლით – როგორ შეიქმნა “დაშლა”

ამჯერად შესაძლებლობები მეგობართან, ქეთი დევდარიანთან ერთად სერიალის სცენარის წერაში მოსინჯა. შთაგონების წყარო კი ამერიკული სერიალები, უფრო მეტად კი მისი რჩეული “შეშლილები” (Mad Men) გახდა.

გაბუნიასა და დევდარიანის სერიალში “ხელოვნური სუნთქვა” ერთ-ერთი პერსონაჟი თამუნა წერს წიგნს, რომელიც მაყურებელთა ნაწილმა რეალურ წიგნად მიიჩნია.

“მაყურებელმა აღიქვა, რომ ეს წიგნი რეალურად არსებობდა, მერე ხშირად მეკითხებოდნენ, როდის გამოვა ეს წიგნი, სად შეიძლება ვიყიდოთო. იმათ კი არ იცოდნენ, რომ დოსტოევსკის “ეშმაკებზე” იყო ყდა შემოხვეული და ალბათ სულ 4 გვერდიც არ იქნებოდა დაწერილი თამუნას წიგნისთვის. რადგან ინტერესი გაჩნდა, მართლა ვფიქრობდით, რომ დაგვეწერა თამუნას წიგნი. ვიდრე სეზონებს შორის პაუზა გვქონდა, ვიფიქრე, მოდი, დავწერ. კომერციული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნებოდა. მაგრამ მერე დავფიქრდი, სერიალის გაგრძლება იგეგმება. მე თუ ახლა ჩემს ფანტაზიას ისევ ამ სამყაროზე, ამ გმირებზე დავხარჯავდი, მაშინ სერიალისთვის აღარ მრჩებოდა არაფერი. თან ვიცოდი, რომ ეს თემა არ იყო, რაზე წერაც მე მინდოდა, ეს უნდოდა თამუნას.”

მალე დათოს გამომცემლობიდან “წიგნები ბათუმში” დაუკავშირდნენ და შესთავაზეს, რომ თუ ის და ქეთი “ხელოვნური სუნთქვის” გამოცემას გადაწყვეტდნენ, გამომცემლობა მზად იყო წიგნი დაებეჭდა. დათო მიხვდა, რომ ეს მისთვის შანსი იყო, დაეწყო თავის პირველ რომანზე მუშაობა და გამოეცა თავისი წიგნი და არა ის, რასაც მისივე შექმნილი პერსონაჟი დაწერდა.

“ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, რომ მე დამეწერა ჩემი წიგნი? ვუთხარი, რას იტყვით, სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ-მეთქი და დავიწყე “დაშლის” სიუჟეტის მოყოლა, რომელიც უკვე თავში მქონდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. სულ ვინიშნავდი და ვაგროვებდი რაღაცებს, მაგრამ ვამბობდი, რომ ჯერ მზად არ ვიყავი.

მოყოლის დროს მივხვდი, რომ ადგილზე დავიწყე რაღაცების გამოგონება სიუჟეტში და ამ მოყოლა-მოყოლაში აღმოჩნდა, რომ რაღაც საინტერესო გამოდიოდა.”

გამომცემლობა დათანხმდა და რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ “დაშლა” მზად იყო გამოსაცემად. ამბობს, რომ როგორც დრამატურგმა, ყველაზე დიდხანს სწორედ პერსონაჟების ხმები ეძება – როგორ ლაპარაკობენ ისინი, როგორ სიტყვებს, გამოთქმებს იყენებენ. მაგრამ მის მიერ სხვა დროს შექმნილი პერსონაჟებისაგან განსხვავებით მათი ხმები მხოლოდ ფურცელზე დარჩებოდა.

მწერალი ამბობს, რომ სურდა პერსონაჟები ყველაზე კრიზისულ სიტუაციებში ეჩვენებინა, რადგან მხოლოდ ასეთ დროს გამოიცნობა ადამიანის ნამდვილი ბუნება. ასევე უნდოდა შეექმნა თითოეული მათგანის მკვეთრად გამიჯნული, სუბიექტური მინისამყარო, სადაც ყველა მოვლენა მხოლოდ მათი თვალითაა დანახული და აღწერილი.

“როცა დავამთავრე, მქონდა შეგრძნება, რომ საერთოდ ვერ გავაკეთე ის, რისი გაკეთების სურვილიც მქონდა იმიტომ, რომ აქ შეფასებას ვერ იღებ, სანამ წიგნი არ გამოვა. სპექტაკლებისა და სერიალის შემთხვევაში, თითქმის დაუყონებლივ იღებს საპასუხო რეაქციას. წიგნში ამხელა მონდომებას, ენერგიას, ნერვებს დებ და წარმოდგენა არ გაქვს, რა გამოვა. მეგონა, რომ წიგნი იყო კრახი და რა მივქარე, რა მინდოდა?!”

ამ შიშით შეცბუნებული მწერალი თბილისის წიგნის ფესტივალზე თავადვე ყიდდა წიგნის პირველ ეგზემპლარებს. “დაშლა” პირველად სწორედ მაისში წიგნის ფესტივალზე გამოჩნდა. გაბუნიას შიში რომ უსაფუძვლო გამოდგა, ამაზე წიგნის გაყიდვებიც მიუთითებს. მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ “დაშლა” იმის მეხუთედი ნაწილიც კი არ არის, როგორც ამას თავად “თავში განიცდიდა”.

“მქონდა განზრახვა, რომ დამეწერა ადვილად წასაკითხი წიგნი. წიგნი, რომელსაც წაიკითხავენ. მივხვდი, რომ მე ვარ ზოგადად ასეთი ავტორი – მინდა მოვყვე რაღაც ისეთს, რაც არის ადვილად გასაგები, მარტივი და სადა, ფორმითაც და შინაარსითაც. თუ იქიდან რამე ღრმა გამოდის, იყოს ასეთი, მაგრამ მე წინასწარ არ მაქვს განზრახვა, რომ მაღალი ლიტერატურა ვწერო. უბრალოდ მინდა, რომ ყველამ წაიკითხოს. ასე ვწერ, ასე მომწონს. თუ რაღაც უფრო ინტელექტუალურს მოელოდნენ ჩემგან, არ ვიცი, რატომ, რადგან მე აქამდეც არაფერი ინტელექტუალური არ დამიწერია და საიდან გაჩნდა ეგ მოლოდინი, ვერ ვხვდები.

მე მაინტერესებს ამბები ვნებით, სიყვარულით, სისხლით. არც ერთ პიესაში, რაც აქამდე დამიწერია, პერსონაჟებს ერთმანეთი არ ჰყვარებიათ. მეჩვენებოდა, რომ ძალიან რთულია დაწერო სასიყვარულო სცენა თეატრისთვის, როდესაც პერსონაჟი გამოხატავს გრძნობას. სერიალის წერისას დავრწმუნდი, რომ შემძლებია. ამიტომ რომანში უკვე მიზნად მქონდა დასახული: ეს უნდა ყოფილიყო წიგნი სიყვარულზე. თუ პიესებში ვერიდებოდი მძაფრ ემოციებს, რადგან ეს უხერხულად ჟღერდა, რომანში უკვე გამოჩნდა ამის სივრცე,” – ამბობს მწერალი.

შემდეგ რომანზე მუშაობაც უკვე დაიწყო. დათო გაბუნიას თქმით, “დაშლაში” არის ბევრი რამ, რაც შეიძლება ავტობიოგრაფიულადაც ჩაითვალოს, მაგრამ შემდეგ ვრცელტანიან რომანში ნაწყვეტები მისი ცხოვრებიდან უფრო თვალსაჩინო იქნება. ხუმრობით იმასაც არ გამორიცხავს, რომ ახალი წიგნის გამო მშობლიურ ქალაქში ჩასვლაც ვეღარ შეძლოს.

“ასე მგონია, რომ როდესაც წერ, ტექსტში თუ არ არის რაიმე ავტობიოგრაფიული, თუ რამეს არ იმეტებ ისეთს, რაც შენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია – არაფერი არ გამოდის. ამიტომ შემდეგში ვაპირებ დიდი რომანის დაწერას. გამოწვევაა ასეთი, რომ უნდა იყოს ვრცელი, მაგრამ ისე იკითხებოდეს, ერთი ამოსუნთქვით. სადაც იქნება ყველა ფოთელი ქალი პერსონაჟი, რომელთანაც მე ოდესმე შეხება მქონია.. ფოთი ძალიან უცნაური ქალაქია. ფოთში შეიძლება იცხოვრო ისე, მაგალითად, ბებიაჩემი ცხოვრობდა ასე, რომ დაახლობით 50 წლის განმავლობაში არ გქონდეს ნანახი ზღვა. თითქმის არც ერთმა ქალმა მაგ თაობებიდან არ იცის ცურვა, რაც ძალიან საინტერესო ფენომენია და ამაზე ბევრი მიფიქრია. ცხოვრობენ ასე ამ ზღვასთან და ეს ზღვა და მისი კლიმატი არის მათი ჯანმრთელობის მთავარი მტერი. ქალაქი, რომელიც კლავს ქალებს, კაცებსაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ასაკში შესული ქალებისათვის განსაკუთებით მძიმე პრობლემაა… ამაზე ვწერ და იმედია, რომ ერთ წელიწადში მზად იქნება.”

დათო გაბუნია აღნიშნავს, რომ დღესდღეობით გაცილებით მარტივია იყო მწერალი საქართველოში, ვიდრე წლების წინ. მისი თქმით, გაჩნდა პერსპექტივები, რომ ქართველი მწერლების ნამუშევრები გაცილებით ფართო აუდიტორიამ გაიცნოს. მათ შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკვე არსებული მაგალითებით დასტურდება, რომ სხვადასხვა ენაზე თარგმნის შემდეგ ქართველი მწერლების კარიერა განვითარდა.

გაბუნიას თქმით, ინტერესმა მოიმატა ქართველი მწერლების მიმართ და ახალმა თაობამ დაიწყო მათი ნაწარმოებების კითხვა, როგორც 1990-იანებში, როდესაც აკა მორჩილაძე გამოჩნდა და მკითხველმა აღმოაჩინა, რომ ქართველ მწერლებსაც შეძლებიათ წერა.

“ჩემი თაობის მწერლებმა, ჩემზე პატარებმაც დათმეს იმისი ამბიცია, რაც უფროს თაობას ჰქონდა, რომ მაინცდამაინც მაღალი ლიტერატურა ეწერათ. ყველას უნდოდა, რომ შედევრი დაეწერა და, ასე ვთქვათ, არ “გაბანძებულიყვნენ” ან რამე ბანალური არ დაეწერათ. მე მგონია, რომ დღეს უკვე აღარ გვეშინია, რაიმე ბანალური ვწეროთ. უფროსი თაობა ლიტერატურას უყურებდა, როგორც რაღაც ამაღლებულ ხელოვნებას. იმ განზრახვით წერდნენ, რომ დაეწერათ შედევრი. მე ეს განზრახვა არასდროს მქონია. ნელ-ნელა ეს ტენდენცია ქრება. ვიღაცები დეტექტივს წერენ, ვიღაცები- ფანტასტიკას, ჟანრული ნიშნები იკვეთება. მე მელოდრამას ვწერ. ჩემი პროგნოზით ეს გაგრძელდება. მწერლები მიხვდნენ, რომ ეს შენი წიგნები ვინმეს უნდა წააკითხო და ისე არ უნდა დარჩეს. დღეს მეტი საშუალებაა მარკეტინგისთვის და ქართველმა გამომცემლობებმა დაინახეს, რომ ქართველ მწერლებში არსებობს პოტენციალი. ურთიერთგამანაყოფიერებელი თანამშრომლობა იბადება, რაც შედეგს გამოიღებს.”

ამ ზაფხულს დათო გაბუნია კიდევ 30 ქართველ მწერალთან ერთად ლიტერატურული ფესტივალის – “ავტორთა კითხვის თვე” საპატიო სტუმარია და პირველი ივლისიდან 4 აგვისტომდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქს ეწვევა და ლიტერატურულ საღამოებს გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი