ფინანსთა მინისტრის№30 ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა-გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები შევიდა, რამაც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
მეწარმეების თქმით, აღნიშნული რეგულაციები მათი ბაზრიდან განზრახ განდევნას ემსახურება და ერთი კონკრეტული გადამზიდველის − „საქართველოს ფოსტის“ მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებები შეუსაბამობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც აუცილებელია მათი გაუქმება, კერძოდ:
1. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნების შემოღებით პრაქტიკულად ხდება შინაარსობრივად სალიცენზიო/სანებართვო რეჟიმის დაწესება რაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა, ვინაიდან მსგავსი მოთხოვნების დაწესება მხოლოდ კანონითაა შესაძლებელი;
2. მინისტრის ბრძანება არღვევს ბაზარზე არსებულ წონასწორობას და ზღუდავს კონკურენციას, რითაც უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული ბაზრის დომინანტი „საქართველოს ფოსტა“. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, რომელიც აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ასევე, „თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინისტრის ბრძანება წარმოდგენს სახელმწიფო დახმარებას „საქართველოს ფოსტის“ მიმართ, რაც ამავე კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული წესის დარღვევითაა განხორციელებული.
“ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად, რამაც გამოიწვია სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.
