ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 5 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ამ კანონპროექტს ხელი შეუშალონ:
“ჩვენი პირველი მცდელობა იქნება მათი დარწმუნება, რომ ეს დაუშვებელია. მე მაქვს იმედი, რომ არიან უმრავლესობის გარკვეული წევრები, რომლებიც ამ მართლაც ძალიან მძიმე შეცდომას ხელს არ მოაწერენ. მეორე მცდელობა, რა თქმა უნდა, ამისი იქნება, თუ ეს გავიდა სხვა მოსმენებზე, ასევე, მცდელობა იმისა, რომ არ გავიდეს. თუ ჩვენ უძლურები აღვმოჩნდით და პოლიტიკური ნება რუსეთის წინაშე დაჩოქებისა უმრავლესობაში, რა თქმა უნდა, ამ კანონს დაედება ვეტო და შემდეგ მათ მოუწევთ ერთიანად, კონსოლიდირებულად ვეტო გადალახონ და ყველას ერთად მოუწევს ხელის მოწერა იმაზე, რის გაკეთებასაც დაუშვებენ.”
“ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შევა, პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისას მისი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისგების ნაცვლად ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება.
