კანონპროექტში შესული ცვლილებების თანახმად, იცვლება კანდიდატთა არჩევის წესი. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით ასარჩევად კანდიდატებს დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა დაჭირდება.
პარლამენტი ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრს აირჩევს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერი იურისტებისგან, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან შეირჩევა.
ცვლილებებით, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს.
ამას გარდა, თუ კენჭისყრის მეორე ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, ორი დღის შემდეგ კენჭისყრის მესამე ტური გაიმართება, რომელშიც კენჭი დარჩენილთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს ეყრება და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად.
ცვლილებებით, თუ კენჭისყრის სამივე ტურის შემდეგ შეუვსებელი ვაკანსია დარჩება, 70 კალენდარული დღის ვადაში ხელახალი არჩევნები გაიმართება.
მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი ადგილია გათვალისწინებული.
