ახალი ამბები

“მე ვარ დამოუკიდებელი ბიზნესისა და პარტიებისგან” – ელისაშვილი მერობის კანდიდატად წარადგინეს

11 ივლისი, 2017 • 2943
“მე ვარ დამოუკიდებელი ბიზნესისა და პარტიებისგან” – ელისაშვილი მერობის კანდიდატად წარადგინეს

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის თბლისის მერობის კანდიდატად წარდგენა მიმდინარეობს. ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის. როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, ის თბილისის პრობლემებს კარგად იცნობს და მათ მოსაგვარებლად წლებია იბრძვის.

“არაფერი გადაუჭრელი პრობლემა თბილისს არ სჭირს, არაფერი გადაუჭრელი ამ ქალაქს არ სჭირს, ყველაფრის მოგვარება შეიძლება” – თქვა მერობის კანდიდატმა.

ელისაშვილის თქმით, საკუთარ პროფრამას ის თემატურად, ეტაპობრივად წარუდგენს დედაქალაქის მოსახლეობას. მანამდე კი პირობა მისცა ხალხს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია ექნება:

“თითოეული თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი მერი ვიქნები, გამარჯვების შემთხვევაში. ამას ნამდვილად გპირდებით, რომ პირდაპირ მეტყვით თქვენს სათქმელს, არ გვეყოლება ჩვენ შუამავლები” – თქვა ელისაშვილმა.

მერობის კანდიდატის თქმით, მის გუნდში იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური პირები, რომლებიც საქალაქო სპეციალობებისა და საქალაქო მეურნეობის სპეციალისტები იქნებიან, მათ შორის- არქიტექტორები, საგზაო ინჟინრები, ეკოლოგები და სხვა.

თვალი ადევნეთ “ნეტგაზეთის” ლაივს გუდიაშვილის მოედნიდან:

ამ დროისთვის ცნობილია, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მხოლოდ ალეკო ელისაშვილია. “ევროპულმა საქართველომ” კანდიდატად ელენე ხოშტარია წარადგინა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” -ზაალ უდუმაშვილი, ხოლო “ქართულმა ოცნებამ”- კახა კალაძე. არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი