შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებიან.
კომიტეტების სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. როგორც კანონპროექტის ავტრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, ქვოტები უმცირესობის უფლებების დასაცავად შემოიტანეს:
“ჩვენ გვქონდა უმრავლესობისა და უმცირესობის ქვოტები და ეს გამოვიგონეთ უმცირესობის უფლებების დასაცავად. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ არ იქნება კარგი, როდესაც პოლიტიკური ნიშნით არიან ადამიანები დანიშნულნი, რადგან მათ გაუჭირდებათ რაღაც პოზიციებზე გადასვლა და პოლიტიკისგან გამიჯვნა. შესაბამისად, თუ უმცირესობა ამაზე თანახმა იქნება, ვფიქრობთ, რომ ეს ქვოტურობა საერთოდ გავაუქმოთ და უბრალოდ ნებისმიერ კანდიდატს კენჭი ვუყაროთ”.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებდნენ, რომ ამ კანონპროექტის რეალური მიზანი არის ამჟამად არსებული ბორდის დაშლა. დავით საყვარელიძემ დეპუტატებს კანდიდატების არჩევის ალტერნატიული ვარიანტი გააცნო:
“სახალხო დამცველი არ უნდა ირჩევდეს ბორდის წევრებს, მე გთავაზობთ, რომ 3 წევრი თვითონ “მაუწყებლის” კოლექტივმა აირჩიოს, ანუ სამს ირჩევს უმრავლესობა, სამს უმცირესობა და სამს მაუწყებელი. ვფიქრობ, კარგი ვარიანტია.”
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა ნონსენსს შეიცავს:
“ამ ინიციატივას აქვს ნონსენსის ბუნება იმიტომ, რომ არ შეიძლება მმართველი და მაკონტროლებელი ორგანოს ფორმირებაში მიიღონ მონაწილეობა დაქირავებულმა თანამშრომლებმა. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება თავად ამ სისტემას.”
ჩიორა თაქთაქიშვილის მტკიცებით, კანონპროექტის ავტორების მიზანი ბორდის წევრად არჩევაა. ამ რეპლიკამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის უკმაყოფილება გამოიწვია და დეპუტატს მოუწოდა მათ ღირსებას არ შეეხოს.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, დღევანდელი სხდომა მოსაზრებების მოსასმენად გაიმართა. მისივე თქმით, კანონპროექტი გადამუშავდება და საბოლოო სახე მიეცემა:
“ეს იყო მოსმენა უბრალოდ. გამოთქმული მოსაზრებები შეჯერდება და შესაბამისი კომიტეტი წარმოადგენს ერთ კანონპროექტს, რომელშიც გაერთიანებული იქნება აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის კანონპროექტიც.”
მისივე თქმით, ის მხარს უჭერს, რომ ბორდის სამი წევრი კოლექტივმა აირჩიოს.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის ამჟამინდელი ვარიანტის თანახმად, ბორდის 9 წევრიდან 3-3 წევრს უმცირესობა და უმრავლესობა ირჩევს, 2-ს – სახალხო დაცველი, 1-ს კი აჭარის ტელევიზია.
გუშინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ალტერნატიული მოდელი წარმოადგინა, რომლითაც არ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭოს სრულად დათხოვნა.